„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრის მიერ აფხაზეთში ომის დაწყების 21-ე წლისთავთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო.
პარტიის ინფორმაციით, აღნიშნულ განცხადებაში, ზაქარეიშვილი საერთოდ არ ახსენებს რუსეთის როლს აფხაზეთში დაძაბულობისა და ომის ინსპირირებაში.
„ცხადია, საქართველომ დაუშვა არაერთი შეცდომა. ცხადია,ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ადამიანების განწყობა ქართული სახელმწიფოს მიმართ არ არის დადებითი, რის გამოსწორებასაც ხანგრძლივი, მრავალ ვექტორიანი ძალისხმევა და მოთმინება სჭირდება. მაგრამ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაში, ეთნიკურ წმენდაში დაამ წმენდის შედეგების დაკანონების მცდელობაში რუსეთის როლის არდანახვა უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ არის არა მხოლოდ საკუთარი თავის დაბრმავება არამედ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი კანდელაკმა
მისივე განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ რუსეთმა გადამწყვეტი როლი შეასრულა როგორც კონფლიქტის ინსპირირებაში, ასევე საკუთრივ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები არა მხოლოდ აქტიურად აიარაღებდნენ, ე.წ. „აფხაზურ"ფორმირებებს, რომელთაც რუსეთისვე აგენტები ედგნენ სათავეში, არამედ თავად მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში. გუდაუთაში განლაგებული რუსეთის ავიაცია გამუდმებით ბომბავდა სოხუმს, რის შედეგადაც დაიღუპა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე"- აცხადებს კანდელაკი.
პარტიაში განმარტავენ, რომ რუსეთმა საქართველოს თავს მოახვია სოჭის 1993 წლის კაბალური ხელშეკრულება, გამოაყვანინა მძიმე ტექნიკა აფხაზეთიდან და შემდეგ მუხანათურად დაარღვია იგი. რუსმა გენერლებმა და რუსეთის ჯარის დანაყოფებმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს 1993 წლის სექტემბერში ქ. სოხუმის შტურმში და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობასა და ასეულ ათასობით ადამიანის ეთნიკურ წმენდაში, რაც აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არაერთი მაღალი რანგის დოკუმენტით.