"ზურაბ ხარატიშვილის ადგილი ციხეშია,"- ასე გამოეხმაურა "ხალხის პარტიის" ლიდერი, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი კობა დავითაშვილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების და მისი პოლიტიკური საქმიანობის შესაძლო დაწყების ფაქტს.
დავითაშვილის განცხადებით, "ზურაბ ხარატიშვილი წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" დავალებების შემსრულებელი იყო და ქვეყანაში ჩატარებულ ყველა არჩევნებს ერთგულად აყალბებდა, რის გამოც, ციხეში მოხვედრის შიში გაუჩნდა და პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა".
"პირველ ოქტომბერს არჩევნები ისევე გაყალბდა, როგორც სხვა არჩევნები, უბრალოდ გაყალბების მასშტაბებმა იმ დონეს ვერ მიაღწია და ეს ხალხის დამსახურებაა, რომლებიც თითოეულ საარჩევნო უბანზე თავის ხმებს იცავდა და არა - ბატონი ხარატიშვილის. ბატონი ხარატიშვილი ერთგულად ემსახურებოდა რეჟიმს და ერთგულად აყალბებდა მის მიერ ჩატარებულ ყველა არჩევნებს. აქედან გამომდინარე, მისი ადგილი არის ციხეში. გასაგებია მისი სწრაფვა, რომ ციხეში არ მოხვდეს, თუმცა ამ პროკურატურის და ამ სასამართლოს პირობებში მას რატომ ეშინია, ესეც გაუგებარია,"- განაცხადა კობა დავითაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ადასტურებს, რომ პოლიტიკურ მოღვაწეობას გეგმავს.
ამის შესახებ ხარატიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, თუმცა სხვა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
"დღეს, ცოტა ნაადრევი გამომივა საუბარი. პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას ვაპირებ, როდის გადავწყვიტე, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ. ვადასტურებ, რომ პოლიტიკურ საქმიანობას ვაპირებ, დეტალებზე ცოტა მოგვიანებით,"- განუცხადა "რუსთავი 2"-ს ხარატიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ხარატიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს.