ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აქტიურ წინასაარჩევნო პერიოდში სამთავრობო ცვლილებებს და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის გადაყენებას ნაკლებად შესაძლებლად მიიჩნევს.
როგორც საყვარელიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, მსგავსი გადაწყვეტილების მიღების რეალური საფუძვლებიც არ არსებობს, რადგან ჯერ-ჯერობით პაატა ზაქარეიშვილი მისადმი დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევს.
"წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი პროცესები არ ხდება და თუ ხდება, ისეთი ფიგურების და სახელმწიფო მოხელეების ჩანაცვლება შეიძლება მოხდეს, რომელთა შეცვლა საზოგადოებაში იმის იმედს გააჩენს, რომ რაიმე მნიშვნელოვანი საკითხები მოგვარდება. პრობლემები, რომლებიც ზაქარეიშვილის არენაზე ჩანს, მისი გაჩენილი არ არის, მაზე რუსეთის ფედერაციის ძლიერი ფაქტორი მუშაობს. იმ განცხადებების მიხედვით, რომლებიც ჩვენ პაატა ზაქარეიშვილისგან გვესმის, საკმაოდ კარგი პოტენციითაა წამოწყებული საქმე და გაუგებარია, რატომ უნდა შეიცვალოს ეს მინისტრი",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის შეცვლის თაობაზე მთავრობაში აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს.