რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, სამხედრო ხომალდ "მისტრალთან" დაკავშირებით ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებები "ექსკლუზიურ ეტაპზე" გადავიდა.
ამის შესახებ მედვედევმა პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთამ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"მისტრალის" ხომალდების საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც ფართო რეზონანსი მოჰყვა. ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთასხვადასხვაობა არსებობს, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ მოლაპარაკებების ექსკლუზიურ ეტაპზე გადავედით და იმედია მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება", - განაცხადა მედვედევმა.
თავის მხრივ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ნიკოლა სარკოზიმაც და განაცხადა, რომ "საფრანგეთი სამხედრო ხომალდებს რუსეთისთვის ააგებს და მას შეიარაღების გარეშე გადასცემს".
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი საფრანგეთს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის დღეს პარიზში, რუსული კულტურის დღეებს გახსნის. კრემლის ლიდერი ლუვრში რუსული რელიგიური სიწმინდეების გამოფენას დაათვალიერებს, რის შემდეგაც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდება.
მოგვიანებით მედვედევს აუდიენცია საფრანგეთის პარლამენტის წევრებსა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან ექნება.