როგორ შეძლებს საქართველო რუსეთთან ურთიერთობები გააუმჯობესოს და ამავდროულად გააგრძელოს სვლა ნატოს წევრობისკენ? - ეს არის ფუნდამენტალური კითხვა საქართველოს ახალი მთავრობის წინაშე, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლისას ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი სტრაგეგიული მიზანი დაისახა. თუმცა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ ეს ორი მიზანი ერთმანეთთან უფრო მეტად შეთავსებადია, ვიდრე ურთიერთგამომრიცხავი. ამ და საქართველოს წინაშე მდგარ უსაფრთოხოების სფეროში არსებულ კიდევ სხვა საკითხებზე ირაკლი ალასანიას თბილისში გავესაუბრე.
ალასანიას განცხადებით, ახალი მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვლის მეთაურობით, ნატოსთვის უფრო სასურველი პარტნიორია: "პირველი, ჩვენ პოლიტიკურად უფრო მომწიფებულები ვართ და არ ვაპირებთ სამხედრო კონფრონტაციაში გავებათ. მეორე, სამინისტროში დაიწყო მთელი რიგი შიდა რეფორმების განხორციელება, რათა უწყების საქმიანობა კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდეს - ტარდება ღია ტენდერები და იზრდება საპარლამენტო და სამოქალაქო კონტროლი. მესამე, ჩვენ ვცდილობთ ეტაპობრივად დავარეგულიროთ ურთიერთობები რუსეთთან. ეს კი მოგვცემს საშუალებას ურთიერთობების აღდგენა დავიწყოთ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ეს მნიშვნელოვანი საკითხია - აფხაზებმა და ოსებმა იფიქრონ, რომ მათთვის უმჯობესია საქართველოსთან ერთად ევროპის ნაწილი გახდნენ, ვიდრე რუსეთის ოკუპაციაში დარჩნენ. ჩემი აზრით, საქართველოს მზადყოფნის შეფასებისას მოკავშირეები ამ ფაქტორებს დიდ ყურადღებას მიაქცევენ."
მიუხედავად ამ ყველაფრისა, თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება ხანგრძლივი პროცესია. "ვაჭრობისა და კულტურის სფეროში ჩვენი ურთიერთობა გაუმჯობესებისკენ მიდის. მე იმედი მაქვს, რომ ეს შემდგომში პოლიტიკურ დიალოგში გადაიზრდება. ამ ეტაპზე არანაირი ნიშანი არ არის, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან ან საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით რუსეთმა პოზიცია შეიცვალა. ეს შეიცვლება, თუმცა ამას დრო სჭირდება. არ გვაქვს ილუზია, რომ ყველაფერი მომავალი ათწლეულის განმავლობაში შეიცვლება. ჩვენ უნდა დაველოდოთ და მათზე ჭკვიანურად ვიმოქმედოთ. საჭიროა მოთმინება გამოვიჩინოთ და მოვემზადოთ. მომზადება ნიშნავს დაველოდოთ ისტორიულ შანსს, როდის გაიღება ეს ფანჯარა, როგორც ეს ბალტიისპირეთის შემთხვევაში მოხდა." მინისტრი დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს საქართველო ნატოსთან ურთიერთობაში კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, თუმცა, თუ რა ფორმით მოხდება ეს არ დაუკონკრეტებია.
მინისტრის თქმით, ძლიერი საქართველო რუსეთის ინტერესებშია. „გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთს სამხრეთით სტაბილური მეზობელი სჭირდება - გაერთიანებული და სანდო საქართველო. ამას შესაძლოა ხუთი, შვიდი, ათი ან თხუტმეტი წელი დასჭირდეს... ჩვენზე ბევრია დამოკიდებული, თუმცა არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ".
ხალხის უმეტესობა თბილისში შეშფოთებულია ნატოს კრიტიკით საქართველოს ახალი მთავრობის მიმართ, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით გამოითქვა. მათი მტკიცებით, ალიანსი უფრო კრიტიკულია ახალი ხელისუფლებისადმი, ვიდრე სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ. მაგრამ ალასანია მიესალმება ამ კრიტიკას. „მე მომწონს, როდესაც გვაკრიტიკებენ. ეს ჩვენ გვაიძულებს უფრო ფხიზლად და ფრთხილად ვიმოქმედოთ. ეს ნიშნავს, რომ ისინი ჩვენზე ფიქრობენ, ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არიან და სწორედ ამიტომაც გვაკრიტიკებენ, რომ სურთ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენ გვმართებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მათ, თუ რა ხდება სასამართლო სისტემის რეფორმირების კუთხით".
სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს მთავარ უცხოელ პარტნიორებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, ალასანიამ ოთხი ქვეყანა გამოარჩია: თურქეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი და ისრაელი. „დროა აზერბაიჯანთან და თურქეთთან სამხედრო ინდუსტრიის კუთხით სამმხრივი თანამშორმლობის ფორმატი შეიქმნას". საქართველო სამხედრო მრეწველობის სფეროში აზერბაიჯანის გამოცდილების გაზიარებასაც გეგმავს. „ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესოა... ამ ეტაპზე თანამშრომლობა მხოლოდ ინფორმაციის გაცვლით შემოიფარგლება. თუმცა, ვფიქრობ დროთა განმავლობაში ერთად საინტერესო საკითხებზე მოგვიწევს მუშაობა. საქართველო და აზერბაიჯანი მსგავსი სახის საფრთხეების წინაშე დგანან. პრიორიტეტებიც ერთნაირია - ჩვენი უნდა დავიცვათ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადების უსაფრთხოება, ჩვენ უნდა დავიცვათ მიმდინარე სტრატეგიული პროექტების უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ერთობლივი რეგიონალური პროექტების უსაფრთხოებას დადებით შედეგს მოუტანს".
ირაკლი ალასანიას თქმით, ესტონეთისა და თურქეთის სამხედრო საწარმოებთან „დელტა" ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. „მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ესტონელ პარტნიორებთან. ვაპირებთ თანამშრომლობის გაღრმავებას ისარელთანაც". რუსეთი ტრადიციულად მთავარ ფაქტორს წარმოადგენს საქართველო-ისრაელის თავდაცვის ურთიერთობებში. კითხვაზე, თუ რატომ არ ბლოკავს რუსეთი ისრაელთან მჭიდრო კავშირებს, მინისტრს ინფორმაცია არ აქვს მათი კომუნიკაციის შესახებ.
რაც შეეხება აშშ-სთან თანამშრომლობას, რომელიც საქართველოსთვის იარაღის მიწოდების თვალსაზრისით ყველაზე სასურველი პარტნიორია, ირაკლი ალასანიამ უარყო მოლაპარაკებების წარმოება მძიმე შეიარაღების გადმოცემის თაობაზე. „ამერიკასთან ძირითადად წვრთნისა და განათლების სფეროში ვთანამშრომლობთ. ამის გარდა, ქართველი და ამერიკელი სამხედროები ერთმანეთის მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, რომელიც ქართველ სამხედროებს მნიშვნელოვან გამოცდილებას აძლევს. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან, რაც ავითარებს ჩვენ შესაძლებლობებს".
ირაკლი ალასანია ვაშინგტონში მომავალ ვიზიტსაც შეეხო, რომლის ფარგლებშიც მინისტრი კოლეგასთან ჩაკ ჰეგელთან გეგმავს შეხვედრას. „რაც შეეხება სპეციფიურ აღჭურვილობას, არსებობს ობამა-სააკაშილის შეთანხმება გაფართოებული სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, სამხედრო ძალის სატრანსპორტო საშუალებები, ვერტმფრენების პარკი. ეს შეთანხმება ძალაშია და წინ მიდის. ამ ეტაპზე სხვა აღჭურვილობის შეძენას არ ვფიქრობთ". კითხვაზე თუ რა სახისა და რაოდენობის ვერტმფრენების შესყიდვაზეა საუბარია, მინისტრმა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. „ჩვენ ამ თემაზე ვმუშაობთ". მისი თქმით, სავარაუდოდ დახმარება მოხდება თავდაცვის ჭარბი საშუალებებისა და საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამების ფარგლებში. „იმედი მაქვს, ჰეგელთან შეხვედრისას უფრო მეტი რამ გახდება ნათელი".
გამოქვეყნდა "ევრაზიანეტში"
ავტორი ჯოშუა კუცერა