ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციის (ებრაელთა საერთაშორისო დახმარების საზოგადოება - HIAS) ხელმძღვანელს მარკ ჰეტფილდს და ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შეხვდა. დელეგაცია საქართველოში დევნილთა და ლტოლვლილთა მდგომარეობით დაინტერესდა. კერძოდ, რა პრობლემები და საჭიროებები გააჩნიათ მათ და რა მიმართულებით სჭირდება სამინისტროს ორგანიზაციის დახმარება.
დავით დარახველიძემ დელეგაციას დევნილთა ძირითადი საჭიროებები და პრობლემები გააცნო. აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემად ისევ საცხოვრებელი ბინების შექმნა რჩება. შემდეგ მოდის დევნილების შემოსავლის წყაროებით უზრუნველყოფა; ჯანდაცვა, განათლება და სხვა საკითხები.
დავით დარახველიძემ ასევე აღნიშნა, რომ სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი ბინების მშენებლობაა, რომ 4 წელიწადში დევნილთა ძირითადი, მწვავე საბინაო პრობლემები მოგვარდეს. მისივე თქმით, დახმარება საჭიროა სწორედ აღნიშნული მიმართულებით:
„ამერიკული საერთაშორიეო ორგანიზაციის დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ დევნილთა მდგომარეობით, სამინისტროს საქმიანობითა და პრიორიტეტებით და მზად არიან, დევნილთა დახმარების საკითხი განიხილონ. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ დონორებთან და პარტნიორებთან, რომ მოხდეს თანხების მოზიდვა, ინვესტირება დევნილთა საბინაო პრობლემების მოსაგვარებლად. საბოლოოდ კი პრობლემა მხოლოდ მაშინ მოგვარდება, როცა დევნილები თავიანთ სახლებში დაბრუნდებიან."
როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ორგანიზაცია მინისტრის წინადადებებს განიხილავს. მარკ ჰეტფილდის თქმით, ორგანიზაცია დევნილებს სოლიდარობას უცხადებს, მათ საკითხს და მინისტრის წინადადებებს ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ განიხილავენ და დახმარება რა მიმართულებით იქნება, თავად ორგანიზაცია გადაწვეტს.