უწყებათაშორისი კომისია ბათუმსა და ზუგდიდში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც ჟურნალისტებთან უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ კინწურაშვილმა განაცხადა სასამართლოს მხრიდან დაკავებული პირებისთვის ასლარიანი გირაოს დაკისრება ძალადობას კიდევ უფრო ახალისებს.
,, მინდა გამოვხატო კომისიის თავმჯდომარის შეშფოთება ოპოზიციური პარტიის მიმართ ბათუმსა და ზუგდიდში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით და იმ არაადეკვატური სამართლებრივი რეაგირების გამო რასაც ადგილი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც შეძლო კონტრაქციის მონაწილეთა მცდელობის აღკვეთა ჩაეშალათ პარტიის ღონისძიება, პოლიციამ ვერ შეძლო ვერც პირისპირ შეურაცხყოფის, ვერც ფიზიკური შეურაცყოფის აღკვეთა, მითუმეტეს, სასამართლოს მხრიდან ასლარიანი ჯარიმის გამოყენება ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, კიდევ უფრო ახალისებს ძალადობას. მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც სტუდენტებს მშვიდობიანი პროტესტის გამო ათასი-ლარით აჯარიმებენ", _განაცხადა ჟურნალისტებთან თამარ კინწურაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმსა და ზუგდიდში ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს და მხარდამჭერებს კოალიცია ,,ქართული ოცნების" აქტივისტებმა შეურაცხყოფა მიაყენეს, ესროლეს ბოთლები და ქვები. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებულები სასამართლომ ასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.