,,ვისურვებდი, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა მაშინ დატოვოს, როცა მდგომარეობა დალაგებული იქნება", _განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისა.
წულუკინი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღესვე მდგომარეობა დალაგებული ვერ იქნება.
,,მე, როგორც ამ მთავრობის ერთ-ერთი რიგითი წევრი, ვისურვებდი, რომ ივანიშვილმა მხოლოდ მაშინ დატოვოს პოლიტიკური სცენა, როდესაც როგორც თავად იტყოდა, მდგომარეობა დალაგებული იქნება. მე არ მგონია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღესვე მდგომარეობა დალაგებული იქნება. დროის გარკვეული პერიოდი იქნება საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ კოჰაბიტაციის მძიმე პერიოდიდან გამოვალთ და შევძლებთ ისეთი სახელმწიფოებრივი სისტემა შევქმნათ, რომ უკვე აღარ ჰქონდეს მნიშვნელობა, თუ ვინ იქნება პრეზიდენტი, პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თუ სხვა. ჩვენ ამ ეტაპამდე ცოტა გვიკლია. მყარი საფუძველი ჩაეყარა ოქტომბრიდან, თუნდაც ამ სამინისტროში იმას, რომ მომავალში არავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდეს, ვინ იქნება იუსტიციის მინისტრი, ადეიშვილი, წულუკიანი თუ სხვა. სისტემამ იმისდა მიუხედავად უნდა იმუშაოს, ვინ იქნებიან ხელმძღვანელი პირები", - განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის პოლიტიკიდან საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში წავა.