,,იაპონიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერას საფრთხე არ ემუქრება", _განაცხადა ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ აფხაზეთში იაპონიის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის დელეგაციის სტუმრობის კომენტირებისას.
,,სამწუხაროდ, ეს არის მორიგი მცდელობა იმ საოკუპაციო ძალისა, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე მის წარუმატებელ მცდელობებს ვერ ეგუება ამ რეგიონების ლეგიტიმაციის კუთხით და ასეთი ფსევდო ანდა კვაზისახელმწიფოებრივი უწყებები წარმონაქმნების ერთეულების გააქტიურების გზით ცდილობს საერთაშორისო ან შიდა მოხმარების დონეზე გარკვეული ქულები დაიწეროს. ეს არის კერძო ინიციატივა ჯგუფისა, რომელზეც რაიმე სახის ინფორმაციის მოძიებაც კი რთულია და არაფერს ნიშნავს. რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ იაპონიის სახელმწიფო ერთი წუთით უშვებს რაიმე მსგავსს და ამ მხრივ საქართველოს სუვერენიტეტს და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას იაპონიის მხრიდან არავითარი საფრთხე არ ემუქრება. უბრალოდ, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო ფაქტია, როდესაც ე.წ. კერძო სექტორის წარმომადგენლები ანგარიშს არ უწევენ თავიანთ მთავრობას და ერთგვარი დამოუკიდებლად ქმედების უფლების საფრთხქვეშ არალეგალური საქმიანობის ინიციატორები, ან მონაწილეები ხდებიან, რაც არ მგონია, მათთვისაც სასარგებლო იყოს", - განაცხადა ჯალაღანიამ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს იაპონიის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის დელეგაცია სტუმრობდა. დელეგაციის მიზანი საინვესტიციო გარემოს შესწავლა იყო.