ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანეს. აფხაზეთში გალის რაიონის სოფელ თაგილონის მკვიდრებს ჯემიკო ოკუჯავას და ოთარ ჯღარკავას, რომლებიც 2012 წელს დააკავეს საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობა "დაუმტკიცეს".
ოკუჯავას 13 წლით, ხოლო ჯღარკავას 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
"საქართველოს სპეცსამსახურებთან მათი კონფიდენციალური თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო. ისინი საქართველოს სამხედრო დაზვერვის მესამე განყოფილების ხელმძღვანელმა მაიორმა კობა თოდუამ გადაიბირა და მათ თავის მხრივ, აფხაზეთში მყოფი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის გადაბირება დაევალათ, რაც განახორციელეს კიდეც.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე გადაბირებული რუსი სამხედროს ვინაობა არ სახელდება. ჯაშუშიების ძირითადი ამოცანა სახელმწიფო საზღვის დაცვის ირგვლივ არსებულ ინფორმაციის შეგროვება იყო", _ იუწყება აფხაზური მედია და აღნიშნავს, რომ თავიანთი "მოღვაწეობის" განმავლობაში მათ მრავალი ისეთი ინფორმაციის შეგროვება შეძლეს, რომელიც ე.წ. სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენდა.
აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას ჯღარკავამ თანამშრომლობაზე უარი განაცხადა, ხოლო ოკუჯავა "ძნელად, მაგრამ თანამშრომლობაზე მაინც წავიდა".