თბილისის ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი მორიგი პრემიერისათვის ემზადება. 11, 12, 13 და 14 მაისს დიდ სცენაზე წარმოდგენილი იქნება დრამატურგ გიორგი ნახუცრიშვილის პიესა „ ჭინჭრაქა", რომლის დამდგმელი რეჟისორია გოგა ქაჩიბაია.
რეჟისორის ჩანაფიქრი განსხვავდება ყველასათვის ცნობილი , მ. თუმანიშვილის „ ჭინჭრაქას" ვერსიისგან. განსხვავებულია პერსონაჟების ხასიათებიც. როგორც ყველა ზღაპარში- სიკეთისა და ბოროტების მარადიული თემები ფიგურირებს. ორ მოქმედებიან კომედია-ზღაპარში შეხვდებით ტყის ბინადარებს, რომლებიც იძულებულები არიან ემიგრაციაში გაიხიზნონ. იმოგზაურებთ ჯადოსნურ სამყაროში, მაგიური ნივთების წყალობით ნახავთ როგორ დაამარცებენ ჭინჭრაქა და მზეთუნახავი ბოროტ დევს ( დევს თამაშობს როგორც ქალი მსახიობი , ასევე მამაკაცი ) და მის გამზრდელ ქოსას.
სპექტაკლის დამდგმელი მხატვარია აივენგო ჭელიძე, კოსტიუმები წარმოადგენილია ქართულისა და აღმოსავლურის სინთეზით. მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის გიორგი არველაძეს, სპექტაკლში გამოყენებულია ( ნინა როტას, მორიკონეს, იურაი ჰიპის და სხვათა მუსიკალური თემები), ქორეოგრაფი ანა სამსონაძე.