საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის გიორგი კეკელიძის ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. ვიზიტის დატვირთული პროგრამის ფარგლებში უკვე გაიმართა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც წარმატებით დასრულდა.
22 აპრილს კონგრესის ბიბლიოთეკაში გიორგი კეკელიძის პოეზიის საღამო გაიმართა. ის პირველი ავტორია საქართველოდან, რომელიც კონგრესის ბიბლიოთეკის აუდიტორიის წინაშე წარდგა. შეხვედრის შემდეგ გიორგი კეკელიძე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ლიტერატურის ისტორიაზე ესაუბრა. დაიგეგმა მისი ლექსების ინგლისურ ენაზე თარგმნა.
23 აპრილს გიორგი კეკელიძე კონგრესის ბიბლიოთეკის დირექტორს ჯეიმს ბილინგტონს და მსოფლიო დიგიტალაზიციის ორგანიზაციის მენეჯერს ჯონ უდერანენს შეხვდა. შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების თანახმად ბიბლიოთეკების დახურული ელექტრონული ბაზები ორივე მხარისთვის გახდება ხელმისაწვდომი. ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები კონგრესის ბიბლიოთეკაში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს რამდენიმე მიმართულებით გაივლიან.
ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი ვიზიტის ფარგლებში კონგრესის ბიბლიოთეკის სხვადასხვა განყოფილების უფროსებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
გიორგი კეკელიძე ვაშინგტონში ქართველი ემიგრანტების შთამომავლებსაც შეხვდა. მათ ქართულ მხარეს მნიშვნელოვანი საარქივო მასალები გადასცეს.
დაგეგმილია ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის შეხვედრა ბოსტონში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტ ლიზი ზალდასტანი-ნაპიერისთან. იგი ცნობილი ქართველი ემოგრანტის ოთარ ზალდასტანიშვილის ქალიშვილია. ქალბატონმა ლიზიმ გადაწყვიტა, მამის უნიკალური არქივი მთლიანად ეროვნულ ბიბლიოთეკას გადმოსცეს. გიორგი კეკელიძის განცხადებით "ოთარ ზალდასტანიშვილის არქივი არის ყველაზე დიდი ქართული არქივი ამერიკაში და მისი ეროვნული ბიბლიოთეკისთვის გადმოცემა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა".
ამერიკიდან ჩამოტანილი უნიკალური მასალები ეროვნული ბიბლიოთეკის ახლადგახსნილ ემიგრაციის დარბაზს გადაეცემა.