"ევროკავშირის ფუნქციაც, დანიშნულებაც და პოლიტიკაც საქართველოსთან მიმართებაში არის პრინციპულად განსხვავებული იმ როლისაგან, რაც მან შეასრულა კოსოვოსთან მიმართებაში",_ აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანათავმჯდომარე ელენე ხოშტარია.
მისივე თქმით, გამორიცხულია საშიშროება იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ დღესაც ევროკავშირმა და ზოგადად დასავლურმა სტრუქტურებმა საქართველოს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ თავის რეგიონებთან "ურთიერთობების დარეგულირების" სანაცვლოდ, დასავლური სტრუქტურების წევრობისკენ გზა გაუხსნას, როგორც ეს რამდენიმე დღის წინ ბელგრადისა და პრიშტინას მაგალითზე მოხდა.
"ბელგრადისა და პრიშტინას ეს შეთანხმება პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ზოგადად კოსოვოს თემა მუსირებს საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ კოსოვო - მნიშვნელოვნად და პრინციპულად განსხვავდება აფხაზეთის შემთხვევიდან. იმიტომ, რომ სწორედ როგორც საქართველოს შემთხვევაში, ვიმეორებ, საქართველოს შემთხვევაში და არა აფხაზეთის, კოსოვოც იყო მსხვერლი გენოციდისა.
ანუ, განსხვავებული სიტუაციაა იმ თვალსაზრისით, რომ მთავარი შედეგი რატომაც დადგა, რომ კოსოვო აღიარეს, გამომდინარეობს იქიდან, რომ ისინი იყვნენ მსხვერპლი. ჩვენი კონფლიქტის შემთხვევაში კი მსხვერპლი არის საქართველო და მისი ტერიტორიები არის ოკუპირებული ," _ აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ყოველივე ამასთან ერთად, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებამდე "მთელი რიგი პრინციპულად განსხვავებული მოვლენები მოხდა".
" ეს არის საერთაშორისო სამშვიდობო ძალები, რომლის პირობებშიც კონფლიქტის დარეგულირება მოხდა.
ჩვენი ტერიტორიები კი არის ოკუპირებული და რაც მთავარია, ყველაზე მთავარი - იქიდან იქ მცხოვრები მოსახლეობაა გამოყრილი. ამიტომაც, გამოყრილი მოსახლეობის უმრავლესობის პირობებში, საუბარი რაიმე მსგავსი ტიპის დარეგულირებაზე არის აბსოლუტურად გამორიცხული.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა თავის დროზე გამოიყენა კოსოვოს პრეცედენტი აბსოლუტურად დამახინჯებულად, ეს არის პრინციპულად განსხვავებული სიტუაციები და პირიქით, სწორედ რუსეთი არის ამ შემთხვევაში ის ქვეყანა, რომელმაც პასუხი უნდა აგოს, დათმოს და შეცვალოს პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში, როგორც ქვეყანამ რომელიც არის აგრესორი და ოკუპანტი ", _ აცხადებს ხოშტარია და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირს, ჩვენი კონფლიქტის დარეგულირებაში ფორმალურად და პოლიტიკურად ძალიან კარგად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული ფუნქცია აქვს.
"ევროკავშირი (პირველად, სხვათა შორის, ჩვენს ისტორიაში, იმიტომ, რომ აქამდე რუსეთს ჰქონდა ყოველთვის მედიატორის როლი) არის პოლიტიკური შუამავალი საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის დარეგულირებისა ჟენევაში .
ანუ, ევროკავშირს ესმის, რომ ეს არის კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის და ჩვენი ტერიტორია ოკუპირებულია.
მეორე - ევროკავშირს ჰყავს გამოგზავნილი საქართველოში დამკვირვებლები, რომელთა მანდატი 2008 წლის აგვისტოს შეთანხმებით ოკუპირებული ტერიტორიის მონიტორინგი. მართალია, რუსეთის დესტრუქციული პოზიციისა და დე-ფაქტო შექმნილი სიტუაციის გამო ის ამას ვერ ახერხებს, მაგრამ მანდატი ამ მისიისა არის მთლიანად საქართველოს ტერიტორიის მონიტორინგი ჩვენს სუვერენულ ფარგლებში, რაც აგრეთვე მნიშვნელოვანი საშუმავლო როლია", _ აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ მესამე და პრინციპული არის ის, რომ "ევროკავშირი ეხმარება საქართველოს და თავადაც ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნდობის აღდგენის პოლიტიკის გატარებას, რაც ემსახურება სწორედაც რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის ნდობის ხარისხის ისეთ აღდგენას, რომ საბოლოო ჯამში რეინტეგრაცია მოხდეს".
"შესაბამისად, ფუნქციაც, დანიშნულებაც და პოლიტიკაც ევროკავშირისა ჩვენთან მიმართებაში არის პრინციპულად განსხვავებული იმ როლისაგან, რაც მან შეასრულა კოსოვოსთან მიმართებაში. მთელი რიგი სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტები მიმართულია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირებაზე და ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციაზე საქართველოში", _ აცხადებს ექსპერტი ელენე ხოშტარია სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები