„ღვინის ეროვნული სააგენტოს" თავმჯდომარე ლევან დავითაშვილმა კასპის რაიონში მდებარე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი ქარხანა „ოკამი" დაათვალიერა. როგორც „ოკამის" ქარხნის დირექტორმა ვაჟა ოზაშვილმა განაცხადა, უახლოეს მომავალში რუსეთში მათი ნიმუშების დარეგისტრირება დაიწყება, რის შემდეგაც პროდუქციის პირველი პარტიის გატანა იგეგმება. მისი თქმით, რუსეთის ბაზარი მათთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, თუმცა არსებული ბაზრების რუსეთის ბაზრით ჩანაცვლებას ქარხანა არ გეგმავს.
სააგენტოს თავმჯდომარის ლევან დავითაშვილის განმარტებით, ორივე ინსპექტირების შედეგად 65-მა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ დადებითი შეფასება მიიღო, რის შემდეგაც თითოეულს ნიმუშების დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცა. დღეის მონაცემებით, რუსეთის სანიტარულ სამსახურს უკვე რამდენიმე კომპანიამ მიმართა. ეს პროცესი ამ გრძელდება და პირველი საექსპორტო პარტიების რუსეთის ბაზარზე გატანა უახლოეს მომავალში იგეგმება.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, სააგენტო ბოლო დროის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ეცნობა კომპანიების წარმოების პროცესს, რამდენად არიან ისინი მზად, გაირაონ რეგისტრაცია. მისი თქმით, სააგენტო მუდმივად ჩაატარებს მონიტორინგს და ხარისხის კონტროლს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.