დავით დარახველიძემ დევნილთა სამინისტროს სათათბირო საბჭოს სხდომა გამართა. სხდომაზე 12 საკითხი განიხილეს. მათ შორის - იმერეთში დევნილთა განსახლების საპილოტე პროექტის მიმდინარეობა; დაგეგმილი ახალი ობიექტების მშენებლობები; დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხი; ეკომიგრანტების საკითხი და სხვა მიმდინარე თემები.
რაც შეეხება იმერეთში დევნილებისთვის დაწყებულ საპილოტე პროექტს, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განმსახლებისა და ლტოლვიულთა მინისტრმა დავით დარახველიძემ განაცხადა, აღნიშნული ითვალისწინებს ქუთაისში, წყალტუბოში, სამტრედიასა და ტყიბულში დევნილებისთვის გარემონტებული საცხოვრებელი ბინების კრიტერიუმების მიხედვით განაწილებას. ანკეტირების პროცესი უკვე დაწყებულია, ბინების განაწილება კი მაისიდან დაიწყება. რაც შეეხება ახალ მშენებლობებს, დავით დარახველიძის თქმით, საუბარია ვარკეთილში, გამოყოფილ ტერიტორიაზე დევნილი მოსახლეობისთვის მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების მშენებლობაზე.
დევნილთა სამინისტროს სათათბირო საბჭო არის ორგანო, რომელიც მიმდინარე საკითხებს ოპერატიულად განიხილავს. სათათბირო საბჭო თვეში ერთხელ იკრიბება, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია სხდომა თვეში რამდენჯერმე შეიკრიბოს.