რუსეთში რეცესია საქართველოზე გავლენას ვერ მოახდენს, ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე აცხადებს. ლექვინაძის აზრით, ქართული პროდუქცია ამ დროისათვის რუსულ ბაზარზე წარმოდგენილი არ არის და შესაბამისად, რეცესია საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ვერ მოახდენს. რუსულ ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს ექსპერტი ხელისუფლების მიერ არაეფექტურ მართვას უკავშირებს.
"რუსეთის ეკონომიკის მთავარი პრობლემა არის ხელისუფლება, არაეფექტური მართვა, მაღალი კორუფცია და შეზღუდვები, რუსეთს თავისი არსებული ბუნებრივი რესურსებიდან გამომდინარე ყველანაირი წინაპირობა აქვს, რომ ეკონომიკის მაღალი ზრდის ტემპები აჩვენოს. მაგრამ, რუსეთს აქვს სისტემური პრობლემები და ეს განაპირობებს დაბალ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, ქვეყნიდან გადის დიდი მოცულობის კაპიტალი (წელიწადში 55-70 მლრდ. დოლარი). არათანაბარია შემოსავლების გადანაწილება, პოლიტიკური საკითხები უდიდეს გავლენას ახდენს ინვესტორების გადაწყვეტილებებზე"- აცხადებს ლექვინაძე.
ლექვინაძე მიიჩნევს, რომ რეცესიის თავიდან აცილებისთვის ლიბერალური რეფორმების გატარებაა საჭირო.
"ვფიქრობ რეცესიის თავიდან აცილებისთვის აუცილებელია ლიბერალური რეფორმები, რომ ქვეყანაში ბიზნეს გარემო გაჯანსაღდეს და ეკონომიკური აქტივობა გაიზარდოს. ნავთობის ფასების შემცირება დიდი დარტყმა იქნება რუსეთის ეკონომიკისთვის, ფასების მომატებამ კი შეიძლება ქვეყანა ამ რეფორმების გარეშე გამოიყვანოს რეცესიიდან. თუმცა ეს ობიექტური ფაქტორებია, არაეფექტური მართვის გამო რუსეთი დღემდე ვერ იქცა ქვეყნად, რომელიც მხოლოდ ენერგომატარებლების და სხვადასხვა რესურსების გაყიდვებზე არ იქნება დამოკიდებული"- აცხადებს ლექვინაძე.
შეგახსენებთ, რომ რუსული მედია წერს, რომ რუსეთის ეკონომიკა, პირველად 2008 წლის ეკონომიკური კრიზის შემდეგ, რეცესიაში შევიდეს. მთლიანი შიგა პროდუქტის შემცირება კრიზისის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა. რუსეთში ეკონომიკურ კრიზისს შემოდგომიდან მოელიან. აღნიშნული შესახებ მინიშნება უკვე გააკეთა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმაც. მინისტრის განმარტებით, ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ეკონომიკის სტიმულირება მოხდეს. მისივე განმარტებით, ასეთი ზომების გატარება მნიშვნელოვანია, რათა ქვეყნის ეკონომიკა რეცესიაში არ შევიდეს. მინისტრი აღიარებს, რომ შემოდგომით მშპ-ს ვარდნა მოსალოდნელია. რუსეთის ხელისუფლების გათვლებით მშპ-ს ზრდის ტემპი 2,4 %-ი იქნება, ნაცვლად წინასწარ პროგნოზირებული 3,6 %-ისა.ირკვევა, რომ იანვარ-მარტში ეკონომიკა მხოლოდ 1%-ით გაიზარდა, ნაცვლად დაგეგმილი 4 %-ისა. იმავდროულად თებერვალში მშპ მხოლოდ 0,1 %-ით გაიზარდა, ხოლო წარმოება 2,1 %-ით შემცირდა.