თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტზე მუშაობა დასრულდა. როგორც მან "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, დოკუმენტში შეტანილია ადაპტირება და შესაბამისი ცვლილებებიც, რომელიც 29 მარტს საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნა ხელმოსაწერად.
"ეს ნიშნავს იმას, რომ ამის შედეგ ჩვენ უკვე გადავდივართ სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შესრულების, ანუ იმპლემენტაციის ფაზაზე. გაიწერება ეს შესრულების ვადები და შეიქმნება, უკვე ამოქმედდება ის სამი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შევქმენით არასამთავრობო ორგანიეზაციებთან, რომელიც დააკვირდება და მონიტორინგს გაუწევს როგორ სრულდება რეფორმების განხორციელება ჩვენს უწყებაში", - განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, არასამთავრობო საზოგადოება უწყებაში რეფორმების განხორციელების მონიტორინგშიც მაქსიმალურად იქნება ჩართული.
მისნიტრის განცხადებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, საქართველოს საბრძოლო მდგომარეობის ამაღლება და მისკენ გადადგმული ნაბიჯებია.
"შესწავლილ იქნა თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ შტაბთან ერთად ბუნებრივია, ის ნაკლოვანებები, რაც დღეს გაგვაჩნია ჩვენს სისტემაში და უკვე დაგეგმილია და შეთანხმებულია შეიძლება ითქვას, პრემიერ-მინისტრთან და ფინანსთა მინისტრთანაც, პირველი რიგის ღონისძიებები დასაფინანსებელი რა არის, რომ ჩვენ საბრძოლო მზადყოფნა მუდმივად იყოს ამაღლებულ დონეზე", - განმარტა ალასანიამ.
მისივე თქმით, პრაქტიკულად, საოკუპაციო ძალების მხრიდან, ამ ეტაპისთვის არანაირი ნიშანი არ არის იმისთვის, რომ მათი დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის განხორციელებაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონზე, რაიმე ფორმით შეიცვალა.
მინისტრის შეფასებით, მათი სამხედრო ყოფნა საერთაშორისო სამართლის პრინციპების სრული დარღვევით, დღესაც იძლევა იმის საფუძველს, რომ საქართველო მუდმივად მზადყოფნაში იყოს.
"ბოლო პერიოდში დაწყებული მოლაპარაკებები სავაჭრო საკითხებში, რაც იმედს აჩენს იმისას, რომ რიტორიკა ორ ქვეყანას შორის შემცირდება, აჩენს პატარა იმედს იმისას, რომ ჩვენ შეიძლება გადავიდეთ სამუშაო ურთიერთობების იმ ფაზაზე, რაც დაამდაბლებს სამხედრო ესკალაციის შესაძლებლობებს, მაგრამ დღეისთვის, ასეთი თვითრწმენის საფუძველი ჩვენ არა გვაქვს, ამიტომ უმთავრესი ამოცანა თავდაცვის უწყების შინაარსიდან გამომდინარე არის - უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა", - განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ აგერსიის თუ ნებისმიერი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად შეიარაღებული ძალები მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს.