საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თბილისის განვითარების ფონდში, თბილისის ბიუჯეტიდან 2011 წლის 5 ივლისიდან დღემდე 265 988 008 ლარი გადაირიცხა.
როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, ასოციაციამ 2012 წლის მაისში წარმოადგინა კვლევა - „რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა", რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისის ისტორიული ნაწილების რეაბილიტაციის პროცესში თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ორი ააიპის -„ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისა" და „თბილისის განვითარების ფონდის" მონაწილეობასა და თბილისის ბიუჯეტიდან ფონდებში გადარიცხულ თანხებს ეხებოდა.
საია-ს წარმომადგენლები განცხადებით, 2005 წლიდან 2011 წლის 5 ივლისამდე, თბილისის ბიუჯეტიდან ორივე ფონდში 367 259 251 ლარი იყო გადარიცხული.
"მიმდინარე წლის 27 მარტს საია-სთვის დამატებით ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომელიც თბილისის განვითარების ფონდში, თბილისის ბიუჯეტიდან 2011 წლის 5 ივლისიდან დღემდე გადარიცხული თანხებს ეხება. თბილისის მერიის მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, მითითებულ პერიოდში გადარიცხული თანხა 265 988 008 ლარს შეადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის წევრების თქმით, 2005 წლიდან დღემდე, თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებულ ორივე ფონდში, ჯამში სულ 633 247 259 ლარი გადაირიცხა.
ამასთან, მათივე განცხადებით, თბილისის მერიას, დღემდე არ გაუსაჯაროებია ფონდების მიერ წლების განმავლობაში თბილისის მერიაში წარდგენილი ანგარიშები.