კომპანია „ნატახტარმა" 2011 წლის ნოემბერში „ფონდი ნატახტარი" დააფუძნა და საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე" განხორციელება დაიწყო. ფონდის მიზანია მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების პროცესში ხელშეწყობა. პროექტი ხორციელდება ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს" მხარდაჭერითა და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.
ფსიქოლოგების მუშაობის შედეგად გამოიკვეთა 16-18 წლის მოზარდების ჯგუფი და სწორედ მის წევრებზე გადანაწილდა ფონდის თანხის უდიდესი ნაწილი. ფსიქოლოგების დახმარებით თითოეული ბენეფიციარისთვის განისაზღვრა ის მიმართულებები, რომელიც მათთვის საინტერესო იყო _ სასკოლო საგნებში მომზადება, სწავლა კოლეჯებსა და პროფესიულ სასწავლებლებში, მართვის მოწმობის ასაღებად მოსამზადებელი კურსები, კომპიუტერის შემსწავლელი კურსები და მრავალი სხვა. ფონდის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა მოზარდების ტრანსპორტირებაც.
2012 წლის ბოლოსთვის რამდენიმე მოზარდმა პროექტის დახმარებით შეძლო სრულფასოვანი, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება.
ჩვენი სტუმარია პროექტის ბენეფიციარი მარიამ მჭედლიძე (ქ. ხაშურიდან), რომელიც კომპანია „ნატახტარის" დახმარებით პროფესიას დაეუფლა და სამომავლო გეგმებიც საკმაოდ სერიოზული აქვს.
„მართალი, რომ გითხრათ ბავშვობაში არასდროს მიოცნებია, რომ როდისმე ცნობილი და პოპულარული ადამიანი გავმხდარიყავი. უფრო „პრაქტიკული" პროფესიები მიტაცებდა. მაგალითად დაწყებით კლასებში ძალიან მინდოდა ექიმობა. მაგრამ ერთადერთი სფერო, რომელიც ყოველთვის მაინტერესებდა არის სამოდელო სამყარო. მომწონდა დახვეწილი და ლამაზი გოგონები, მათი სამოსი და გარეგნობა. მინდოდა მეც მეზრუნა მათ გარეგონბაზე, მონაწილეობა მიმეღო „გალამაზების" პროცესში. ამ ოცნების რეალიზებას ბავშვობაში თოჯინების გალამაზებით ვახერხებდი. ხშირად ახალ ტანსაცმელს ვუკერავდი, ვარცხნილობას ვუცვლიდი და მაკიაჟსაც კი ვუკეთებდი. „ფონდი ნატახტარის" მხარდაჭერით ოცნება ჯერ მიზნად და შემდეგ, რეალობად მექცა. სასწავლო ცენტრში „ნატალი" კოსმეტოლოგიურზე ვსწავლობდი, ეს იყო ორთვიანი სასწავლო კურსი და აღნიშნულ სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე. ამ ხნის განმავლობაში თბილისში ვცხოვრობდი. სწავლის საფასურთან ერთად „ფონდმა ნატახტარმა" ბინითაც უზრუნველმყო. დღეს უკვე დარწმუნებული ვარ, ადვილად შევძლებ სამსახურის პოვნას და ბავშვობის მეორე ოცნებაც ასრულებას - ძალიან მინდა ფქიოლოგიურზე ჩავაბარო." - გვიამობს მარიამი და ხაშურის მცირე საოჯახი ტიპის ბავშთა სახლში გატარებულ დღეებს იხსენებს.
მარიამი ამ ყველაფერს ოცნებად მაინც არ თვლის, მისთვის ეს ყველაფერი მიზნებია, და არა ოცნებები.
„მიზანდასახული ვარ და თუ რამეს ძალიან მოვინდომებ, ყოველთვის ვაღწევ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღესაც ჩემთვის საყვარელი ადამიანები ჩემით იამაყებენ."
ბავშთა სახლში გატარებულ დღეებს მარიამი დიდი სიყვარულით იხსენებს. „ბავშთა სახლში ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. ზოგი იქ დარჩა , ზოგიც ჩემთან ერთად საკუთარ სახლებს დაუბრუნდა. მათთნ ურთიერთობა დღემდე მაქვს. ამჯერად ვცხოვრობ გორში ძმებთან ერთად. ძალიან მინდა ქველმოქმედი გავხდე და მზრუნველობამოკლებულ პატარაებს დავეხმარო. ამით მიღებულ სიამოვნებას არაფერი შეედრება."
მარიამი თავისუფალ დროს მეგობრებთან ატარებს. უყვარს კითვა, განსაკუთრებით პოეზია. თავადაც წერს, თუმცა თავისი ნამუშევრების ჩვენთვის გაზიარება არ ისურვა: „ეს მხოლოდ ჩემთვის, თანაც როცა მარტო ვარ და როცა რაღაცის თქმა მსურს, და ვერავის ვუმხელ, ალბათ ეს ღირებული მხოლოდ ჩემთვისაა!"
„მარი დაბნეული იყო, თუმცა ზუსტად იცოდა რა უნდოდა. აკვიატებული ჰქონდა კოსმეტოლოგია. ჩვენც ხელი შევუწყეთ და შარშან მივამაგრეთ ერთ-ერთ სილამაზის სალონს,სადაც მუშაობდა დამხმარედ, აკვირდებოდა პროცესებს, პროექტის ფარგლებში კი სტიპენდიის სახით ერიცხებოდა 100 ლარი. მოგვიანებით სწავლა დაიწყო სასწავლო ცენტრში „ნატალი". მიიღო პროფესიული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატიც. პროექტის ფარგლებში ის მიიღებს პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო აპარატურასდა ამის შემდეგ, მას შეეძლება იმუშოს ნებისმიერ სილამაზის სალონში„ - გვეუბნება ფსიქოლოგი გვანცა მეტივიშვილი.
„პროეტის ფარგლებში მას ამ ეტაპზე ყოველთვიურად 500 ლარი ერიცხება ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. ცხოვრობს დეიდასთან ერთად. ფონდმა „იავანანამ" მათ გადასცა ბინა, რომელიც მოსაწესრიგებელია, ნატახტარის ფონდის მხარდაჭერით მათ მალე საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდებათ. პროექტი მართლაც უნიკალურია, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს იმედი მიეცათ. უნდა ნახოთ როგორ ელოდებიან 14-15 წლის ბავშვები, როდის ჩაერთვებიან ამ პროექტში (ანუ, როდის გახდებიან 16-17 წლისანი). ეს ერთგავრი სტიმულია. იმედი მიეცათ მოზარდებს".