დღეს, 23 ოქტომბრს, 14:00 საათზე, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით, საქართველოს გენერალური პროკურატურის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
როგორც მოძრაობა "7 ნოემბრის'' ერთ-ერთმა ლიდერმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, ამოიწურა პროკურატურაში ვაზაგაშვილის საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით შეტანილ განცხადებაზე პასუხის გაცემის 10-დღიანი ვადა, ამიტომ ის და მისი თანამებრძოლები იმ მიზნით, რომ პროკურატურას კიდევ ერთხელ შეახსენონ მოთხოვნა, აქციას გამართავენ.
აქციაში მონაწილეობას მიიღებს მოძრაობა "7 ნოემბერი'', "გადაარჩინე სიცოცხლე'', "კოალიცია ჩვენი თავისუფლებისთვის'', ჟურნალისტთა გაერთიანება "ობიექტივი'', ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი და სხვები.
უახლოეს მომავალში, გაერთიანებაში მყოფი ორგანიზაციები 100-მდე უდანაშაულოდ მოკლული ახალგაზრდის მკვლელების დასჯის მოთხოვნით, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამართავენ საპროტესტო აქციას.