ხვალ, 9 მარტს, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია და მისი მოადგილე შოთა მურღულია ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობას დაათვალიერებენ, რის შემდეგაც იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდებიან.
12:00 საათზე მინისტრი და მისი მოადგილე შემოვლით გზაზე მიმდინარე სამუშაოებს დაათვალიერებენ. ქუთაისის 17.3 კმ-იანი შემოვლითი გზა ავტომაგისტრალის ერთ-ერთი სეგმენტის - იმერეთის 59 კმ-იანი შემოვლითი გზის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ზესტაფონიდან იწყება, გაივლის ქალაქ ქუთაისს, სამტრედიას და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე დასრულდება.
სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, 13:00 საათზე დავით ნარმანია და შოთა მურღულია ქუთაისის მერიაში იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტების გამგებლებს, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და წევრებს შეხვდებიან.
შეხვედრაზე განიხილავენ 2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მომზადებისა და სამთავრობო კომისიისთვის წარდგენის პროცედურებს. პროექტების წარდგენის ვადა 11 მარტს სრულდება. ფონდის მოცულობა 200 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.