"ბაგრატს" წინ აქვს კიდევ უამრავი საერთაშორისო მასშტაბით აღიარება, - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა ნიკა ვაჩეიშვილმა. "დომუსის რესტავრაცია და კონსერვაციის" მესამე საერთაშორისო კონკურსში ბაგრატის ტაძრის არქიტექტორმა ანდრია ბრუნომ ჯილდო მიიღო.
ჟიურის მიაჩნია, რომ ბაგრატის ტაძრის ანდრეა ბრუნოსეული სარეინტეგრაციო პროექტი, არის არქიტექტორის უზადო ძალისხმევის მაგალითი. "ამ პროექტში კარგად გამოიკვეთა "ახლისა" და "ძველის" შერწყმა, ისე რომ შესაძლებელი გახდა ტაძრის პირვანდელი სახის უნიკალური აღქმა. აღნიშნული პროექტი არის უკვე დაწყებული სარესტავრაციო სამუშაოების გაგრძელება, რომელმაც რადიკალურად შეცვალა მანამდე ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების მეთოდოლოგია. ტაძრის პირვანდელ სახეს ფონად გასდევს თანამედროვე და ხაზგასმულად განსხვავებული მასალა, როგორიცაა თანამედროვე ანტრესოლი სადაც დაცული გახლდათ საწყისი პერიმეტრი. ასეთი სახის მიდგომა გამოკვეთს ტაძრის პირველწყაროს და სრულად აღადგენს მის მოცულობას", - ნათქვამია ჟიურის შეფასებაში.
ნიკა ვაჩეიშვილი ამ ფაქტს აფასებს როგორც "ბაგრატის ტაძრის" გამარჯვებას და აღნიშნავს, რომ "ბაგრატის ტაძარი არის თანამედროვე რესტავრაციის საუკეთესო მაგალითი და მას წინ აქვს კიდევ საერთაშორისო მასშტაბით აღიარება".
"ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობენ ამ სფეროს სერიოზული ექსპერტები. სასიხარულოა, რომ ბაგრატის ტაძარმა მიიღო, ჯილდო, თანამედროვე რესტავრაციის საუკეთესო ნიმუშის ნომინაციაში. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ბაგრატის ტაძარი არის თანამედროვე რესტავრაციის საუკეთესო მაგალითი და მას წინ აქვს კიდევ საერთაშორისო მასშტაბით აღიარება. დაჯილდოების ცერემონიალი 20 მარტს გაიმართება და ეს ყველაფერი ჯერ, ფაქტობრივად, ცხელი ამბავია. ვფიქრობ, ქართველი ექსპერტები თუ დაჯილდოების ცერემონიალზე ჩავლენ კარგი იქნება და მსოფლიოს მასშტაბით ბაგრატის საკითხი უფრო რეზონანსული იქნება. დაჯილდოების ცერემონიალზე სერიოზული ხალხია მიწვეული მათ შორის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის უფროსი", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნიკა ვაჩეიშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ ვისაც ხელეწიფება ამ ამბავს არ მიჩქმალავს და ამ სიახლეს ადეკვატურად შეხვდებიან.