აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაზარალებულ იპოთეკართა წარმომადგენელს ლილი მორჩაძეს შეხვდა. არჩილ ხაბაძემ იპოთეკარების წარმომადგენელს განუმარტა, რომ შექმნილია სპეციალური ოთხ წევრიანი ჯგუფი, რომელშიც შედიან იურისტები და სხვა სპეციალისტები.
ჯგუფი მუშაობს უკვე გასული შაბათიდან და ამ ეტაპზე ქობულეთში მცხოვრები იპოთეკარების 400-მდე ოჯახიდან 50 ოჯახის საკითხია მხოლოდ შესწავლილი.
„შეიქმნება ბაზა, რომლის შექმნის შემდეგაც შესაძლებელი იქნება პრობლემებზე შედეგიანად მუშაობა. თუმცა ხვალიდან კომისიის ერთი წევრი იმუშავებს მხოლოდ ბათუმის ჯგუფზე, რომელშიც 61 მსესხებელია შესული. ამ შეხვედრაზე არავითარი საუბარი არ ყოფილა იმის შესახებ, თუ ვინ, რა სახით ვის დააფინანსებს და რა რაოდენობის სესხს გასცემს. არ ხსენებულა სიტყვა „ქართუ", ამ პრობლემის მოგვარების კონკრეტული გზა და სქემა. მხოლოდ ბაზის ფორმირების შემდეგ მოხდება ამ საკითხის გადაწყვეტა. სახელმწიფოს შესაძლებლობები შეზღუდულია. შესაბამისად ამ ეტაპზე შეუძლია მხოლოდ უზრუნველყოს „დაზარალებულების" ბანკებთან თანამშრომლობა. უფრო ეფექტურად გაუწიოს იურიდიული და სხვა კონსულტაციები. ასევე მოახდინოს საკუთარი მწირი რესურსებით ნაწილი ვალების გადაფარვა", -განაცხადა არჩილ ხაბაძემ შეხვედრის შემდეგ.