წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2012 წლის დეკემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა 0,8 პროცენტით, ხოლო 2012 წლის IV კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 2,5 პროცენტი შეადგინა.
„საქსტატის" წინასწარი შეფასებით, 2012 წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის წლიურმა ზრდამ 6,1 პროცენტი შეადგინა.
2012 იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი) - დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების საფუძველზე. ეს არის საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკა, რომელსაც იყენებენ ყოველთვიური, წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში სადაც არ მოიპოვება
ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან.
„საქსტატში" განმარტავენ, რომ გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.