"კახეთში მოქმედი მედიასაშუალებების კორესპონდენტებს დამქირავებლებთან ხელშეკრულებები არ აქვთ დადებული", _ განაცხადეს ჟურნალისტებმა მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის პრეზენტაციისას. Aმის სესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
ჟურნალისტების თქმით, შრომითი ურთიერთობების დაწყებისას ხელშეკრულების დადება მათთვის თავად დამქირავებელს არ შეუთავაზებია. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტის თამარ გურჩიანის შეკითხვაზე, თავად ჟურნალისტებმა რატომ არ მოითხოვეს კონტრაქტების გაფორმება, ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დამქირავებელს ისინი სამსახურში საერთოდ აღარ მიეღო. აღმოჩნდა, რომ შრომითი ხელშეკრულებები არც იმ ჟურნალისტებს აქვთ, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობენ. ზოგიერთი კორესპონდენტის თქმით, ის ხელფასს ხელზე ისე იღებს, რომ ხელს არსად აწერს.
შეხვედრაზე კახეთის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სამსახურის ყველა თანამშრომელს წერილობითი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული 1 წლის ვადით და ანაზღაურებას პლასტიკური ბარათებით იღებენ.
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის განცხადებით, ხელშეკრულებების არქონის გამო ჟურნალისტები დაუცველები არიან, განსაკუთრებით იმ საინფორმაციო საშუალებებში, რომლებიც ხელისუფლების გავლენის ქვეშ იმყოფებიან. "მე პირადად რამდენიმე შემთხვევა ვიცი, როცა ჟურნალისტის მიერ მომზადებულ მასალაში კრიტიკული ინფორმაცია გაიპარა და იმის გამო, რომ გამგებელი გაღიზიანდა, დირექტორმა ის სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გააგდო", - აღნიშნა მთივლიშვილმა.
მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი საქართველოს ახალგაზდა იურისტთა ასოციაციის პროექტია, რომელიც ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია ჟურნალისტების დაცვის როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკული მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.