"ჟენევის დისკუსიებზე დელეგაციების შექმნა არის აფხაზი, ოსი თუ რუსი მონაწილეების წინადადება. მათ აქვთ უფლება, დააყენონ წინადადებები, ჩვენ კი გვაქვს უფლება მივიღოთ ან არ მივიღოთ ეს წინადადებები", _ აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი აფხაზური ე.წ. სამხრეთოსური და რუსული მხარეების მიერ წამოყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობის კომენტირებისას, რომელიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ცვლილებას და მისი საექსპერტო დონიდან დელეგაციების დონეზე გადაყვანის მოთხოვნას ეხება.
"მათ აქვთ უფლება, დააყენონ წინადადებები, ჩვენ კი გვაქვს უფლება მივიღოთ ან არ მივიღოთ ეს წინადადებები. ჩვენ უნდა ვხედავდეთ, რას მოიტანს ეს ცვლილება - მხოლოდ ფორმატის შეცვლას თუ რაიმე კონკრეტულ შედეგს, რომლის მიღწევაც წინა ფორმატით შეუძლებელი იყო. თუ დავინახავთ, რომ დელეგაციების შექმნით მივიღებთ მხოლოდ ახალ ფორმატს და ეს სხვა არანაირ შედეგს არ მოიტანს, ამგვარ ინიციატივაზე დათანხმებას აზრი არ აქვს",_ აცხადებს ზაქარეიშვილი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ წინადადებაზე თავხმობის მიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ეს წინადადება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს არ ეწინააღმდეგება.
"თანხმობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ესა თუ ის წინადადება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. თუ დაგვაჯერებენ, რომ დელეგაციების შექმნა ქართველი მონაწილეებისთვისაც სასარგებლო იქნება, შესაძლოა, ეს საკითხი განვიხილოთ.",_ აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, ეს თემა განხილვადია, მაგრამ არა ბრმად დასათანხმებელი ან ბრმად უარსაყოფი.
"უნდა დავინახოთ, რა არის ამ ინიციატივაში საინტერესო. აფხაზებსა და ოსებს პირადად მე მხარეებად აღვიქვამ და მათი "მხარეებად" მოხსენიება და მხარეებთან საუბარი, პრობლემას არ წარმოადგენს. ამდენად, არც იმაშია სირთულე, თუ ისინი მხარეების წარმომადგებლები იქნებიან, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რა შედეგს მოგვიტანს ეს", _ აცხადებს მინისტრი "ჯი-ეიჩ ენისათვის" მიცემულ კომენტარში.