ვდებთ სიტყვას, რომ გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა ველზე, მათ შორის, მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველა პოლიტიკურ დევნილს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ლელო – ძლიერი საქართველო“ არ აპირებს, დათმოს თავისუფლების არცერთი გოჯი და მისხალი.
„„ანტიქართული ოცნება“ და რუსული რეჟიმი ამ ქვეყანაში აგრძელებენ ძალადობას დემოკრატიაზე, პოლიტიკური ოპონენტების დევნას და მათზე ძალადობას. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ლევან ხაბეიშვილს, გაბედულ პოლიტიკოსს და ადამიანს. ჩვენი მთავარი გზავნილია, არანაირი შიში არ დაისადგურებს იმ ოპოზიციურ ველზე, რომელიც წინააღმდეგობაშია ბიძინა ივანიშვილთან. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილს მართავს შიში ყველა მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში. სუს-ი დღეს არის პოლიტიკური და ემორჩილება ბიძინა ივანიშვილს, სასამართლოა პოლიტიკური და ემორჩილება ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ არ ვაპირებთ, დავთმოთ თავისუფლების არცერთი გოჯი და მისხალი. სოლიდარობა ლევან ხაბეიშვილს, ყველა პოლიტიკურ პატიმარს. ჩვენი მხრიდან ვდებთ სიტყვას, რომ გავაგრძელებთ ყველა ველზე ბრძოლას და, მათ შორის, მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველა პოლიტიკურ დევნილს“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.