კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულებზე კომპენსაციების გაცემა 21 იანვრიდან დაიწყება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, კომპენსაცია კახეთის 5 მუნიციპალიტეტში 28 500 ოჯახზე გაიცემა. კომპენსაციის მინიმალური რაოდენობა 100 ლარია, მაქსიმალური კი რამდენიმე ათასი, ზუსტი რაოდენობა ჯერ არ სახელდება.
სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 100 მილიონამდე ლარს ფონდი „ქართუ" გამოყოფს. ფონდის დირექტორის ნიკო ჩხეტიანის თქმით, აქედან 95 მილიონამდე ლარი სოფლის მეურნეობის ზარალის ანაზღაურებას მოხმარდება, ხოლო 5 მილიონი სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების ბოლომდე აღდგენას.
შეგახსენებთ, 2012 წლის 19 ივლისს, ქარბორბალას და ძლიერი სეტყვის შედეგად თელავის, გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარლის და საგარეჯოს რაიონებში რამდენიმე ათასი ოჯახი დაზარალდა. ქარიშხალმა 200-მდე სახლს მთლიანად, ათასზე მეტს კი სახურავი ნაწილობრივ გადახადა. დაისეტყვა ვენახები, ხეხილის ბაღები და ბოსტნეული. გურჯაანის სოფლებში ველისციხეში, ვაზისუბანში, შაშიანში, კალაურსა და ვაჩნაძიანში სეტყვამ მოსავლის 100% გაანადგურა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
სტიქიის შედეგად დაზარალებულები მთავრობამ სამ კატეგორიად დაყო. პირველი კატეგორია, ანუ ოჯახმა, რომელსაც მოსავალი 100%-ით გაუნადგურდა, 1300-1500 ლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღო. მეორე კატეგორიაში ის ოჯახები შევიდნენ, რომელთაც მოსავალი 70-80%-ით გაუნადგურდათ. მათ კომპენსაციის სახით 800-900 ლარი მიიღეს. მესამე კატეგორიის დაზარალებულებს, მათ ვისაც სტიქიამ მოსავლის 50%-მდე გაუნადგურა, სახელმწიფო 300-500 ლარით დაეხმარა.