„საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა დღეს 2012 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა და განმარტა, გასულ წელს მომზადდა 67 პუბლიკაცია, რაც 26 პროცენტით მეტია 2011 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით. როგორც ზაზა ჭელიძემ განაცხადა, 2012 წელს გავრცელდა 182 პრეს-რელიზი (17%-ით მეტი);
„2012 წელს საქსტატიდან წერილობით გავიდა 1654 ერთეული სტატისტიკური ინფორმაცია (3%-ით მეტი); საქსტატის ვებ-გვერდით ისარგებლა 219 313 მომხმარებელმა (14%-ით მეტი)
„საქსტატის" საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 2012 წლიდან შემცირდა სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ვადები. კერძოდ:
შემცირდა მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური მონაცემების გამოქვეყნების ვადა. ნაცვლად 30 ნოემბრისა, გამოქვეყნდება 15 ნოემბერს
შემცირდა ბიზნეს სტატისტიკის ყოველწლიური მონაცემების გამოქვეყნების ვადა. ნაცვლად 15 ოქტომბრისა, გამოქვეყნდება 1 ოქტომბერს; ძირითადი დემოგრაფიული მონაცემები გამოქვეყნდება 1 თვით ადრე.
დაინერგა საგარეო ვაჭრობის პირველადი მონაცემების გამოქვეყნების პრაქტიკა ყოველი თვის 15-18 რიცხვში;
დაინერგა ეკონომიკის ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასებების პრაქტიკა"- განაცხადა ჭელიძემ.
როგორც ზაზა ჭელიძე აცხადებს, 2011 წლის ბოლოს შემუშავდა და საქსტატის საბჭოს გადაწყვეტილებით განახლდა ინფლაციის დათვლის სამომხმარებლო კალათა, რომელიც ეფუძნება ეროვნულ ანგარიშთა სისტემით განსაზღვრულ მოხმარების სტრუქტურას. კალათის განახლება განხორციელდა ევროსტატის რეკომენდაციის საფუძველზე. განახლებული კალათა ასახავს მოსახლეობის დანახარჯების უახლეს სტრუქტურას და უფრო საიმედოს ხდის ინფლაციის მაჩვენებელს;
მნიშვნელოვნად განახლდა საწარმოთა გენერალური ერთობლიობა (ბიზნეს რეგისტრი), რამაც ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი. დაიხვეწა შერჩევის მეთოდოლოგია ბიზნეს სტატისტიკაში. სტრატიფიცირება უფრო მეტად დეტალიზებულია, რაც პირველ რიგში შეეხება საწარმოების ზომებს. მნიშველოვნად გაიზარდა შერჩევის ბაზა;
„2012 წლის ოქტომბრიდან ბიზნეს სტატისტიკის, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის და სასოფლო მეურნეობათა გამოკვლევებში საქსტატი გადავიდა ელექტრონულ, ონლაინ კითხვარებზე. ბიზნეს კომპანიებს მიეცათ საშუალება საქსტატის ვებ-გვერდზე საკუთარი პროფილის მეშვეობით კითხვარები შეავსონ ონლაინ, ხოლო სასოფლო მეურნეობათა გამოკვლევაში, გამოკვლევის კოორდინატორები რეგიონებში უზრუნველყოფენ მონაცემების ელექტრონულ შეყვანას;
მწარმოებელთა ფასების ინდექსი ითვლება განახლებული მეთოდოლოგიით - შერჩევა მოხდება პროდუქტების მიხედვით და არა საწარმოების მიხედვით;
საქსტატის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგი რამდენიმე მიმართულებით (შვედეთის სტატისტიკა, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი, საქსტატის დარგობრივი სამმართველოების თანამშრომლების მიერ რეგიონებში ჩატარებული ტრენინგები);
საქართველოს საერთაშორისო შედარებების პროგრამაში (ICP) მონაწილეობისთვის ჩატარდა შესაბამისი საველე სამუშაოები" აცხადებს „საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორი.