დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრი აჭარას ეწვია და ქობულეთის ციტრუსის გადამამუშავებელ ქარხანაში მანდარინის მიღება-ჩაბარების პროცესს დაესწრო. დავით კირვალიძემ ციტრუსის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები პირადად ფერმერებისგან მოისმინა და მათ ამ პრობლემის გადაჭრისთვის დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
„ციტრუსის რეალიზაციასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები წინა წელს, ადრე გაზაფხულიდან უნდა დაწყებულიყო. შექმნილი სირთულეები ციტრუსის შესანახი სამაცივრე მეურნეობების არარსებობამ და გადამამუშავებელი საწარმოების სიმცირემ გამოიწვია. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. პრემიერის ინიციატივით შექმნილი სოფლისა და სოფლის განვითარების ახალი ფონდის ფარგლებში, წელს ქვეყნის მასშტაბით, ყველა რაიონში, საჭიროების მიხედვით გადაამუშავებელი და სხვა ტიპის საწარმოები შეიქმნება. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნებთან, რომ მომავალში ქართული ციტრუსის ექსპორტს მაქსიმალურად ხელი შეეწყოს. ეს მუდმივი პროცესია და მთელი წელი მოსავლის რეალიზაციის მოსამზადებლად უნდა ვიმუშაოთ. ამ სეზონზე დაჩქარებული რეჟიმით, 1 თვეში მოესწრო მთავრობის მიერ სწორედ, მანდარინის მწარმოებელთა დასახმარებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარამდე თანხის გამოყოფა. მომავალ წელს კი, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ფონდის დახმარებით გვექნება საწარმოები, სასაწყობე და სამაცივრე მეურნეობები, ახალი გადაწყვეტილებები ექსპორტთან და ახალ ბაზრებთან დაკავშირებით, ამ რეგიონის ფერმერებს მსგავსი პრობლემები აღარ ექნებათ. მომავალი წელი არა მარტო მეციტრუსეობის, არამედ სოფლის მეურნეობის ყველა დარგისთვის გარდამტეხი იქნება", - აცხადებს დავით კირვალიძე.
დღესვე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ქობულეთის რაიონის სოფელ ლეღვაში ციტრუსის მწარმოებელ ფერმერებსაც შეხვდა, მათი პრობლემებიც მოისმინა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. დავით კირვალიძემ შეხვედრები აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთანაც გამართა.
მინისტრის განცხადებით, ამ თვის ბოლოს მისი ინიციატივით, აჭარაში მანდარინის თემაზე ფორუმი გაიმართება, სადაც აგრარული დარგის წარმომადგენლები: მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესის სექტორი, ფერმერები და მეცნიერები ერთად განიხილავენ ამ დარგის პერსპექტივას და დაგემავენ მისი განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს.
ადგილობრივ მეციტრუსეებს ჩაბარებული ნაყოფის ღირებულების ნაწილს სახელმწიფო უხდის. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2012 წლის 26 დეკემბრიდან რეალიზატორის მიერ გადახდილ საფასურთან ერთად, მეციტრუსეს საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე ყოველ ჩაბარებულ 1 კგ-ზე არასტანდარტულ მანდარინში 8 თეთრს, ხოლო სტანდარტულში - 15 თეთრს სახელმწიფო გადაუხდის. ამჟამად ციტრუსის ფასი სტანდარტულ მანდარინზე 50 თეთრს, ხოლო არასტანდარტულზე -20 თეთრს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები