"კონსერვატორების" ერთ-ერთი ლიდერის კახა კუკავას შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას "პიარ-ისტერიკა" სჭირს.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნის თაობაზე. აღნიშნა, რომ უნდა აღდგეს ეკონომიკური ურთიერთობები და საქონლის გაცვლა რუსეთის ფედერაციასთან... ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო დღეების მანძილზე ნაწარმოები, ე.წ. კამპანია ჯაშუშების და მოღალატეების წინააღმდეგ, სხვა არაფერია თუ არა პიარ-ისტერიკა. ერთის მხრივ, გმობენ ყველას, ვინც აწარმოებს რუსეთთან მოლაპარაკებას, მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის შესახებ, მეორე მხრივ კი, პრემიერ-მინისტრი ყელგამოწეული იხვეწება ზემო ლარსის საბაჟო პუნქტის გახსნას", - აცხადებს კუკავა.
აღნიშნულ კონტექსტში კუკავა მიიჩნევს, რომ უმჯობესია "ის საკითხები, რომლებიც ჩვენ გვაწუხებს გადაწყდეს სწორედ მოლაპარაკებების გზით და არა ისე უღირსად, როგორს ამას საქართველოს პრემიერ-მინისტრი აკეთებს".
"მთავრობის დღევანდელი განცხადებაც ადასტურებს იმას, რომ რუსეთის ფედერაციასთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყებას ალტერნატივა არ გააჩნია და ხელისუფლების ყველა მცდელობა ამასთან დაკავშირებით, რომ წამოიწყოს პიარ-ისტერიკა კრახით დასრულდება", - განმარტავს კუკავა.