დღეს, 10 დეკემბერს მომღერალი თამთა ცხვიტავა სტრასბურგში, ოპერის მცირე დარბაზში, სოლოკონცერტს გამართავს. კონცერტი საშობაო გამოფენაზე კულტურული პროგრამის ფარგლებში გაიმართება.
მომღერალი 6-კაციან ბენდთან ერთად წარდგება მაყურებლის წინაშე, სადაც შეასრულებს სიმღერებს თავისი პირველი ალბომიდან "დასაწყისი", ასევე უცხოურ ქავერებს.
კულტურული პროგრამის ფარგლებში საფრანგეთში მიწვეულნი არიან ანსამბლები: "სუხიშვილები", "რუსთავი", "ლაშარი", პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, ჯაზმენი ბექა გოჩიაშვილი და სხვები.
სტრასბურგის საშობაო გამოფენაზე საქართველოს პირველად ეძლევა შანსი, მსოფლიოს თავისი კულტურა, კულინარია და ტრადიციები გააცნოს. საქართველოს მოწვევის გადაწყვეტილება სტრასბურგის მერიამ მიიღო, სადაც განაცხადი რამდენიმე ქვეყნიდან იყო შესული. 2012-2013 წლის საშობაო ბაზრობის სტუმარ ქვეყანასთან დაკავშირებით არჩევანი საქართველოსა და იაპონიას შორის, საქართველოს სასარგებლოდ გაკეთდა.