ხვალ, 8 დეკემბერს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენა "ფიროსმანი 150" გაიხსნება. გამოფენა დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს ეძღვნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდებში დაცული ნიკო ფიროსმანის 110 ნამუშევარი. ასევე წარმოდგენილი იქნება ის უნიკალური ფოტომასალა, სადაც ნაჩვენები იქნება ფიროსმანის თანამედროვე თბილისი, ის ქუჩები სადაც მხატვარი დადიოდა და სცენები რომელსაც ხატავდა.
"ფიროსმანი 150" გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოფენაა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში არსებული მხატვრის ნამუშევრების კოლექციისა.
გამოფენის ფარგლებში სხვადასხვა ასაკის აუდიტორიისთვის ჩატარდება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. ასევე საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შედგება შეხვედრა რეჟისორ გიორგი შენგელაიასთან.
აღსანიშნავია, რომ ნიკო ფიროსმანის შემოქმედების ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის გათვალისწინებით, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 36-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ნიკო ფიროსმანის დაბადებიდან 150 წლის იუბილე შეტანილია იმ ღონისძიებათა ნუსხაში, რომლის აღნიშვნაშიც 2012-13 წწ. UNESCO მიიღებს მონაწილეობას.
პირველად ფიროსმანის ნამუშევრებს ფართო საზოგადოება 1913 წელს მოსკოვში გამართულ ავანგარდისტების გამოფენაზე გაეცნო.