თბილისის ცენტრში მომხდარი სისხლიანი გარჩევის მონაწილეები დაკავებულები არიან. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 50 წლის ალექსანდრე თოფურია და 36 წლის გოგა ჩლაიძე.
გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 თებერვალს ღამით, დაახლოებით 4 საათზე, გოგა ჩლაიძე იმყოფებოდა სახლში ალექსანდრე თოფურიასთან, რა დროსაც მათ შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება და ჩხუბი. გოგა ჩლაიძემ "იერიხოს" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა რამდენიმე არაზუსტი გასროლა ალექსანდრე თოფურიას მიმართულებით. ამის შემდგომ, ალექსანდრე თოფურიამ ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა გოგა ჩლაიძეს, რის შემდეგაც იგი გადაყვანილ იქნა ქ. თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
გამოძიებას აწარმოებს ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველო. გოგა ჩლაიძე დაკავებულია და მას ბრალი წარედგინა სსკ-ის 239-ე და 236-ე მუხლების გათვალისწინებით, ხოლო ალექსანდრე თოფურიას ბრალი ედება სსკ-ის 19-108-ე მუხლით გავალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.