სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მითვისების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ სააქციო საზოგადოება `კავკას-ავტომაგისტრალის~ დირექტორი მევლუდ დათაშვილი, მშენებლობის და ექსპლოატაციის უფროსი ნიკოლოზ მეტრეველი, წარმოების უფროსები მურმან კალატოზიშვილი და ვაჟა მამულაშვილი დააკავა. მათ ყალბი დოკუმენტაციის დამზადების და გამოყენების გზით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 510 000 ლარის მითვისება ბრალდებათ.
გამოძიების პროცესში გამოვლინდა საინტერესო და აქამდე უცნობი სქემა, რომლის მიხედვით ზემოხსენებული პირები სასარგებლო წიაღისეულის კარიერიდან, აღურიცხავად მოიპოვებდნენ სამშენებლო მასალებს და შემდგომში ასევე აღურიცხავად იყენებდნენ გზების მშენებლობაში. კერძოდ, მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ აღურიცხავად მოპოვებული მასალების ლეგალიზების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, დოკუმენტებში ფიქტიურად უთითებდნენ, თითქოს ერთი სატვირთო მანქანა დღეში გადაზიდავდა დაახლოებით 70 რეის სამშენებლო მასალას, რაც ობიექტურად შეუძლებელი იყო.
დანაშაული, რაშიც ბრალი ედებათ მევლუდ დათაშვილს, ნიკოლოზ მეტრეველს, მურმან კალატოზიშვილს და ვაჟა მამულაშვილს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა~ ქვეპუნქტით არის გათვალისწინებული და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.