დღეს, 8 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლო ცოტნე გამსახურდიას საქმის განხილვას იწყებს. დღევანდელი სხდომა მოსამზადებელი იქნება და გადაწყდება, გაერთიანდება თუ არა გამსახურდიას ორი სისხლის სამართლის საქმე და მოხდება თუ არა ერთად განხილვა.
გამსახრუდიას ადვოკატის ქეთი ბექაურის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე მესამე თვეა შიმშილობს, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს და შეწყვეტას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია სამართალდამცველებმა 27 ოქტომბერს მოქალაქე დავით ბაჯელიძის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. გამსახურდიას განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წაუყენეს ბრალი. თავად დაკავებული აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს. ცნობისთვის, ეს ცოტნე გამსახურდიასთვის წაყენებული მეორე ბრალდებაა: მას უკვე ჰქონდა წაყენებული ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულებას ითვალისწინებს და არასაპატიმრო ღონისძიება ჰქონდა შეფარდებული. საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, ოპოზიციის მიერ გამართული აქციების დროს გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერებს, რომელშიც ცოტნე გამსახურდიას რუსეთთან კავშირზეა საუბარი.