ბოლო პერიოდში გაზრდილი ფრენებით მიღებული სარგებელი საქართველოდან გაედინება და არ ხდება სექტორში რეინვესტირება, ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანების თავმჯდომარე გიორგი კოდუა აკეთებს. გიორგი კოდუა ამბობს, რომ დარგში არ არის ერთიანობა და არსებული დაქსაქსულობით კი დარგის განვითარება არ ხდება, რადგან ყველა საკუთარი, ინდივიდუალური პრობლემის მოგვარებითაა დაკავებული და საერთო საქმე აღარ კეთდება.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანების თავმჯდომარე განმარტავს, რომ სწორედ ერთიანობის არ ქონის ბრალია, რომ დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მხოლოდ 3 გეიტი გააჩნია, რაც არასაკმარისია. „ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გაკეთდა სხვისი ინტერესების გათვალისწინებით. აეროპორტში ერთი გეიტი გაუკეთეს Lufthansa-ს, მეორე გეიტი Turkish Airlines-ს, მესამე გეიტი სხვა ავიაკომპანიებისთვის. და რატომ მოხდა ასე? ეს მოხდა იმიტომ, რომ არ არსებობდა ერთიანი მიდგომა და კოორდინირება დარგის სპეციალისტებისა თუ ამ დარგში „მოთამაშე" კომპანიების მიერ. დღეს ავიაციაში ყველაფერი არეულია, გვაქვს პრობლემები თუნდაც სამაშველო სამსახურებთან მიმართებაში. მინდა გითხრათ, რომ საქართველოზე გავლით ტრანზიტი შემცირდა. როდესაც 2008 წლის ომის დროს ლოკატორები დაგვიბომბეს, ავიაკომპანიებმა სხვა მარშუტები აირჩიეს, რადგანაც დაინახეს, რომ საქართველოზე ფრენა ცოტა სახიფათო იყო. თუმცა რა გააკეთა წინა ხელისუფლებამ? ნაცვლად იმისა, რომ ემუშავა ამ კომპანიებთან და დაერწმუნებინა ისინი, რომ ლოკატორები უკვე სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი და საქართველოზე ფრენა საშიში არ იყო და რომ ქვეყანაში იარსებებდა შესაბამისი სამაშველო სამსახური, ეს ასე არ გაუკეთებიათ. შედეგად კი მივიღეთ, რომ ტრანზიტი საქართველოს გავლით შემცირდა"- განმარტა გიორგი კოდუამ.
კოდუა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გაერთიანებაში ქართული ავიაკომპანიები არ არიან, თუმც იმედოვნებს, რომ სამომავლოდ ისინი გაერთიანებას აუცილებლად შემოუერთდებიან.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ბოლო წლებში გატარებული პოლიტიკის გამო გაიზარდა ფრენების რაოდენობა, საგრძნობლად მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, თუმცა საქართველოს საავიაციო ბაზარი უმეტესად უცხოურმა ავიაკომპანიებმა და ოპერატორმა კომპანიებმა დაიკავეს. ბევრი ქართული კომპანია უბრალოდ გამოძევებული აღმოჩნდა სექტორიდან და მათი განვითარებას ხელოვნური დაბრკოლებები შეექმნა. შესაბამისად ბოლო პერიოდში გაზრდილი ფრენებით მიღებული სარგებელი საქართველოდან გაედინება და არ ხმარდება სექტორში რეინვესტირებას. ყველაფერი ეს საბოლოოდ ნეგატიურად მოქმედებს მთლიანად ქართული ავიაციის განვითარებაზე, აბრკოლებს დარგის პროფესიონალების განვითარების საშუალებას და კიდევ უფრო ზღუდავს ისედაც მწირ საკადრო და საფინანსო რესურსებს.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანების თავმჯდომარე განმარტავს, რომ უნდა მოხდეს გამოძიება, თუ რატომ გაჩერდნენ ქართული ავიაკომპანიები და მოხდეს პრობლემების დეტალური შესწავლა, რათა ანალოგიური ინციდენტი სამომავლოდ აღარ განმეორდეს.
„გაერთიანება ყველასთვის ღიაა და გადაწყვეტილება მიიღება ერთობლივი შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად. არ გამოვრიცხავ, რომ გაერთიანების შიგნით ინტერესთა კონფლიქტსაც ქონდეს ადგილი, მაგრამ მთავარია მოხდეს დარგის კონსოლიდაცია. დღეს ავიაკომპანიის ქონად აზრი არ აქვს. პირადად მე ყველაფერი მქონდა მაგრამ რა გამოვიდა? არაფერი არ გამოვა, თუ კი დარგში არსებული პრობლემების მოგვარება არ მოხდება"- განაცხადა გიორგი კოდუამ.
კოდუა განმარტავს, რომ გაერთიანება მხარს უჭერს „ღია ცის" პოლიტიკას, თუმცა მიაჩნია, ტომ მთავრობამ უნდა გააქტიუროს მუშაობა ქართული ავიაკომპანიების ხელშეწყობის მიზნით. ამისათვის უპირველეს ამოცანად აუცილებელია სხვადასხვა ხელოვნური და საკანონმდებლო ბარიერების მოხსნა, ადმინისტრაციული კადრების კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტება და დარგის ქართველ სპეციალისტებთან ინტენსიური დიალოგი.
„აღსანიშნავია, რომ აქამდე მსგავსი ორგანიზაცია არ არსებობდა და კომპანიებს თავად უხდებოდათ სახელმწიფო უწყებებთან პრობლემების მოგვარება. გაერთიანება ასევე იზრუნებს სამოქალაქო ავიაციის სპეციალისტების სოციალური პრობლემების მოგვარებაზე. ორგანიზაცია მზადაა ითანამშრომლოს ეკონომიკის სამინისტროსთან, პარლამენტთან, რათა ჩამოყალიბდეს სამოქალაქო ავიაცია, რომელიც უპასუხებს საერთაშორისო და ევროპულ მოთხოვნებს.
როგორც ცნობილია სამოქალაქო ავიაციაში არსებული პრობლემების მოგვარებისთვის ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბების მიზნით, ასევე დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის, რამდენიმე დღის უკან საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა ინიციატივით არასამთავრობო გაერთიანება შეიქმნა, რომელსაც კომპანია Sky Georgia-ს პრეზიდენტი გიორგი კოდუა ხელმძღვანელობს. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ დღეისათვის Sky Georgia-ს, როგორც მისი მენეჯმენტი განმარტავს, წინა ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილების გამო,მუშაობა გაჩერებული აქვს.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანების პრეზენტაცია კი დღეს ოფიციალურად „თბილისი მარიოტში" მოეწყო, რომელსაც მფრინავთა ასოციაციის პრეზიდენტი ალბერტ ნურბეკიანიც ესწრებოდა. ნურბეკიანმა განაცხადა, რომ სწორედ არაჯანსაღი მიდგომის გამო მფრინავები ქართულ კომპანიებს ტოვებენ და ერთადერთი კომპანია, რომელმაც მათი შენარჩუნება მოახერხა - ეს „აირზენაა".
ორგანიზაციის მიზანია მოხდეს დარგის განვითარების ხელშეწყობა. ამისათვის არასამთავრობო გეგმავს მოამზადოს საქართველოში ავიაციის წინაშე მდგომი პრობლემების ანალიზი, შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით და მჭიდროდ ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან კანონმდებლობის დასახვეწად.