უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატებმა ვიქტორ იანუკოვიჩმა და იულია ტიმოშენკომ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს.
იულია ტიმოშენკო საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად მივიდა.
მისი განცხადებით, მან ხმა "ახალ, ძლიერ და ლამაზ უკრაინას" მისცა.
"ყველას გილოცავთ დემოკრატიის ზეიმს, ხალხს შეუძლია მშვიდად გამოხატოს
თავისი ნება და ქვეყნის ბედნიერი მომავალი შექმნას. სწორედ ახლა მივეცი ხმა
ძლიერ და ლამაზ უკრაინას, სადაც ყველა ბედნიერად იცხოვრებს და ყველა თავის ადგილს იპოვის. ამას ვემსახურები მთელი გულით", - განუცხადა ტიმოშენკომ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ქვეყანაში საარჩევნო პროცესი უკვე ორი საათია მიმდინარეობს.
20:00 საათზე - საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გახდება ცნობილი ეგზიტპოლების შედეგები. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კი, არჩევნების საბოლო შედეგების გამოსაცხადებლად 10-დღიანი ვადა აქვს.