უკრაინელმა მესაზღვრეებმა ხარკოვის ოლქში მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტ გოპტოვკაზე რუსეთის მოქალაქეთა ჯგუფი დააკავეს.
ეს ადამიანები, რუსული მედიის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია " CIS -EMO"-ს წარმომადგენლები და საერთაშორისო დამკვირვებლენი არიან, რომლებიც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისათვის არჩევნებზე დაკვირვების ჩასატარებლად მიემგზავრებოდნენ. აღნიშნული ინფორმაციის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსეი მარტინოვმა გაავრცელა.
"92 ადამიანი, რომლებიც ორი ავტობუსით რუსეთის ფედერაციიდან უკრაინის დონეცკის ოლქში მიემართებოდნენ არჩევნების მეორე ტურში დამკვირვებლებად მონაწილეობის მისაღებად, მესაზღვრეებმა დააკავეს", _ აცხადებს მარტინოვი.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "CIS-EMO" პოსტრსაბჭოთა სივრცეში არჩევნების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციაა. მატრინოვი აცხადებს, რომ უკრაინელი მესაზღვრეები რუსეთის მოქალაქეების საზღვარზე გატარების უარს იმით ხსნიან, რომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე '"არ არის ცესოკს რაღაც სია".
უკრაინაში კი დღეს "სიჩუმის დღეა". აკრძალულია საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდა. შეგახსნებთ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში უკრაინის პრემიერმა იულია ტიმოშენკომ ამომრჩეველთა ხმების 25, 05 % დააგროვა, ხოლო რეგიონების პარტიის ლიდერმა ვიქტორ იანუკოვიჩმა 35, 32 %. არჩევნების მეორე ტური ხვალ 7 თებერვალს, სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის გაიმართება.