დღეს პარლამენტი არის ლაკმუსის ტესტი, - განაცხადა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ და უმრავლესობამ ერთად მუშაობა უნდა მოახერხონ და საზოგადოებას კარგი მაგალითი აჩვენონ.
"დღეს პარლამენტი არის ლაკმუსის ტესტი იმისა, თუ რამდენად მოახერხებს გამთლიანებასა და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევას ქართული საზოგადოება. კარგად მესმის ის ემოციები, რომელიც პარლამენტში გამომსვლელებს ჰქონდათ. მესმის, რომ ძალიან ბევრმა ჩვენგანმა პირველად იხილა მწვავე დებატი მწარე საარჩევნო კამპანიის შემდეგ. კარგად მესმის, რომ არა მხოლოდ დღეს, არამედ მომდევნო თვეების განმავლობაშიც გაგრძელდება საუბარი იმაზე, ვინ რა გააკეთა, ვინ რა ვერ გააკეთა და ვინ რა უნდა გააკეთოს ამ ქვეყანაში, მაგრამ თუ როდესმე ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იქნება ქართული პარლამენტი და ქართველი პარლამენტარების პირველი მაგალითი, დამერწმუნეთ, რომ ეს არის დღეს, რადგან ჩვენ თუ მოვახერხეთ დღეს იმის დემონსტრირებას, რომ მიუხედავად წინააღმდეგობების, შეგვიძლია ერთად ვისხდეთ და საქმეზე ვისაუბროთ, ეს იქნება ყველაზე პოზიტიური სიგნალი, რომელიც შეიძლება საზოგადოებას გავუგზავნოთ", - განაცხადა ბაქრაძემ.