აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჩინეთის პროტესტების მიუხედავად, არ აპირებს უარი თქვას დალაი ლამასთან შეხვედრაზე. განცხადება ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბილ ბერტონმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, დალაი ლამას ვიზიტი ვაშინგტონში, 17-18 თებერვალს შედგება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, ბარაკ ობამამ ამგვარი შეხვედრის ჩატარების განზრახვის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში პეკინში ვიზიტისას აცნობა. "ამიტომაც სახელმწიფოს მეთაური თავისი განზრახვების შეცვლას არც ახლა აპირებს", _ განაცხადა ბერტონმა.
ოფიციალურმა პეკინმა უკვე გამოთქვა პროტესტი ამის თაობაზე. ჩინეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სახალხო ფრონტის განყოფილების გამგე ჩჟუ ვეიცუნმა განაცხადა, რომ "ამგვარი ნაბიჯი სერიოზულად გაამწვავებს ჩინურ-ამერიკულ ურთიერთობებს". ანალიტიკოსები კი აცხადებენ, რომ აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ რომელიც ტაივანისათვის იარაღის მიწოდებას ეხება, აშშ-ის ეს ნაბიჯი ჩინურ-ამერიკულ ურთიერთობებს გააუარესებს.
შეგახნებთ, რომ დალაი ლამა აშშ-ი გასული წლის შემოდგომაზე უკვე იმყოფებოდა თუმცა მაშინ მისი და აშშ-ის პრეზიდენტის აუდიენცია არ შედგა. აღსანიშნავია, რომ დალაი ლამას 1991 წლიდან მოყოლებული ამერიკის ყველა პრეზიდენტთან აქვს შეხვედრა გამართული.