4 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში საიას თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
საიას მიაჩნია, რომ 2009 წლის 17 ივლისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებით ცალკეული სამართალდარღვევებისათვის განსაზღვრული სახდელის მაქსიმალური ზომა - ადმინისტრაციული პატიმრობა 90 დღემდე ვადით - ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს და მე-20 მუხლის პირველ პუნქტს.
კონსტიტუციურ სარჩელი ეყრდნობა წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის 2007 წლის რეკომენდაციებს ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირებთან დაკავშირებით.
საიას წარმომადგენლები გეგმავენ აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელის შესახებ საუბარს 2010 წლის 5 თებერვალს საქართველოში ვიზიტად მყოფი წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას.