დღეს, 22 ოქტომბერს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ირაკლი კობიძე არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის მიზნით თბილისის № 55 საჯარო სკოლას ესტუმრებიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროდან აცნობეს, მოსწავლეებს მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების თემაზე ლექცია ჩაუტარდებათ.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ირაკლი კობიძე უფროსკლასელებთან დეტალურად ისაუბრებს დანაშაულის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, მართლმსაჯულების სისტემის, დაკავებული ეჭვმიტანილისა და მოწმის უფლებების, ასევე უდანაშაულობის პრეზუმპციის თემებზე.
ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მისი დასრულების შემდეგ მოსწავლეებს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე მომზადებული ბუკლეტები დაურიგდებათ.
ღონისძიება არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციისა და უფასო იურიდიული დახმარების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით ჩატარდება.