აფხაზი სეპარატისტები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების გალის შეხვედრების განახლებას ჯერ ჯერობით არ აპირებენ. განცხადება ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ სოხუმში ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას გააკეთა.
გალის შეხვედრები მიმდინარე წლის 24 აპრილიდან შეწყვეტილია და კომპრომისი ამ საკითხთან მიმართებაში ჯერ ჯერობით ნაპოვნი არ არის.
"ჩვენ ამ შეხვედრებში მონაწილეობის წინააღმდეგი არ ვართ, მხოლოდ ეს მას შემდეგ მოხდება რაც ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. მაგრამ სამწუხაროდ გენერალ ტიშკევიჩი მანდატი გახანგრძლივებულია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არავითარი შეხვედრები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის ფორმატში, უახლოეს მომავალში არ განახლდება", _ განაცხადა ვიაჩესლავ ჩირიკბამ.
შეგახსენებთ, რომ აფხაზმა სეპარატისტებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჟეი ტიშკევიჩი მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს და აფხაზეთის ტერიტორიაზე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. მათ უარი განაცხადეს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრებში მონაწილეობაზე ანჟეი ტიშკევიჩთან ერთად.