აფხაზი სეპარატისტები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. პრეტენზიები სეპარატისტებმა სოხუმში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებთან ფილიპ ლეფორთან (ევროკავშირი) და ანტი ტურუნენთან (გაერო) შეხვედრისას გამოთქვეს. შეხვედრაზე საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგ 21-ე რაუნდზე განსახილველი საკითხებიც განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"ჟენევის პროცეს კრიზისშია. რთული სიტუაცია რამდენიმე პარამეტრის მიხედვით გვაქვს. ჯერ დასკვნებს არ გავაკთებთ, მაგრამ სერიოზული სასაუბრო გვაქვს იმისათვის, რომ გავიგოთ, სწორად მივდივართ თუ არა და საჭიროა თუ არა ფორმატში რაიმე სახის ცვლილებების განხორციელება", _ განაცხადა შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ შეხვედრის ძირითადი ნაწილი დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.
"უპირველეს ყოვლისა ჩვენ უკმაყოფილონი ვართ შეხვედრების ფორმატით. ის აუცილებლად შესაცვლელია, ვინაიდან ჩვენ ჩვენს გადაწყვეტილებებში შეზღუდულები ვართ და ჩვენ არაფრის გადაწყვეტის საშუალება არ გვაქვს", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ვიაჩესლავ ჩირიკბამ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზური მხარის პოზიცია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის გალის შეხვედრებთან დაკავშირებით უცვლელია.