"რუსეთი არ ერევა და არც აპირებს ჩარევას საქართველოს შიდა საქმეებში. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენთან ისტორიულად და კულტურულად ახლობელი ქართველი ხალხი თავად შეძლებს არჩევნის გაკეთებას, თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ იმ მასშტაბური ზეწოლის პირობებში, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ამის გაკეთება იოლი არ იქნება", _ აცხადებს ნატოში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლაი კორტუნოვი.
მისი თქმით, სამხედრო წვრთნის "კავკაზ 2012"-ის ირგვლივ ატეხილი ხმაური, თავისი მასშტაბებითა და მიკერძოებული შეფასებებით, რეჟისორის დადგმულ საინფორმაციო კამპანიას ჰგავს.
"ჩვენდამი წამოყენებული პრეტენზიები უსაფუძვლოა. ამ სწავლებების მოსამზადებელი ეტაპი მაქსიმალურად ტრანსპარენტულად მიმდინარეობდა და მათზე ამომწურავი ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს რესურსებზე ქვეყნდებოდა და მედიით შუქდებოდა. ასე რომ, ჩვენი პარტნიორების დიპლომატებსა და სამხედრო ატაშეებს მოსკოვში სრული ინფორმაცია ჰქონდათ რუსეთის სამხრეთ ნაწილში დაგეგმილი სწავლებების შესახებ და შეუძლებელია მათ ეს ინფორმაცია თავიანთ დედაქალაქებამდე არ მიეწვდინათ. ცხადია, რომ თავად მანევრები არანაირად არ არის მიმართული ნატოს ან რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ. მაგალითად, ახლახან თბილისში მყოფმა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო წვრთნა გეგმური ხასიათისაა და საქართველოსათვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს", _ აცხადებს კორტუნოვი და აღნიშნავს, რომ რაც შეეხება ესტონეთის თავდაცვის მინისტრის ურმას რეინსალუს მიერ გაკეთებულ გამონათქვამებს, მისი შეფასებები რუსეთისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.
"ასეთი გამონათქვამები წვრთნის დაწყებამდე ადრეც გაგვიგია. მათი მიზანი კი აშკარაა - ესაა საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ რუსეთის საფრთხის შესახებ მითის გამყარება. არავისთვის არაა საიდუმლო, რომ სწორედ ამ კარტს იყენებს მიხეილ სააკაშვილი პერიოდულად თავისი შიდაპოლიტიკური პოზიციების დასამყარებლად", _ აცხადებს კორტუნოვი.