"საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო საზოგადოების და მათ შორის ჩვენ მიერ არაერთგვაროვნად აღიქმება", _ აცხადებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი ე.წ. დეპუტატი ტარზან კოკოითი.
მისი თქმით, მომავალ წელს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან უნდა წავიდეს. "რა თქმა უნდა, იმის შიშით, რომ ხელისუფლებაში ოპოზიცია არ მოვიდეს, იგი შეეცდება, ყველა შესაძლო მეთოდით მათ ხელი შეუშალოს და პარლამენტში თავისი პარტია გაიყვანოს".
"მეორე მხრიდან საქართველოში არის მეორე პოლიტიკური მოღვაწე, რომელსაც უფრო რადიკალური შეხედულებები აქვს - ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ასევე ხელისუფლებაში მოსვლა სურს, ჯერ პარლამენტში, შემდეგ კი პრეზიდენტად",_ აცხადებს კოკოითი და აღნიშნავს, რომ საქართველო, რომელსაც სააკაშვილი უდგას სათავეში, ამჟამად დანაწევრებულია და პოლიტიკურად ის არაფერს წარმოადგენს.
"ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველოს ახლანდელი პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ მისი ადგილის დასაკავებლად ემზადება და ამიტომაც მიმაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, შესაძლოა, სამოქალაქო ომში გადაიზარდოს, რომელიც შემდეგ, შესაძლოა, საქართველოს ფარგლებს გასცდეს. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი მშვიდად ჩაივლის და სამხრეთ ოსეთს ეს სიტუაცია არ შეეხება", _ აცხადებს ტარზან კოკოითი.