ქ. ბათუმში, საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციას 2 დღიანი ოფიციალური ვიზიტით NATO-ს ნეაპოლის საზღვაო ძალების გაერთიანებული სარდლობის დელეგაცია, ოპერაციების დარგში შტაბის უფროსის მოადგილე ადმირალ ვასილიოს კავადიასის ხელმძღვანელობით ეწვია. დელეგაციის შემადგელობაში იყვნენ II რანგის კაპიტანი გ.რომანო (საინფორმაციო ტექნოლოგიების #2 დანაყოფის უფროსი); კაპიტანი ნენსი ჰარისი (აშშ-ს არმია, ინფორმაციის უსაფრთხოების ოფიცერი); II რანგის კაპიტანი იოანნის სარიგიანისი(ოპერაცია "აქტიურ ძალისხმევაში" NATO-ს არაწევრ ქვეყნების მონაწილეობის პროექტის მენეჯერი).
დელეგაცია საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზაზა გოგავამ და შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა I რანგის კაპიტანმა ბესიკ შენგელიამ მიიღო.
ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის სამსახურისა და მისი შესაძლებლობების ადგილზე გაცნობას და არსებული ვითარების შესწავლას.
აღნიშნული ვიზიტის შემდეგ, უახლოეს მომავალში, ხელი მოეწერება "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ნეაპოლის საზღვაო ძალების გაერთიანებულ სარდლობას შორის ოპერაცია "აქტიური ძალისხმევის" განხორციელებაში, საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მონაწილეობის თაობაზე ურთიერთგაგების ტაქტიკურ მემორანდუმს".
აღნიშნული დოკუმენტი NATO-ს ოპერაცია "აქტიურ ძალისხმევაში" საქართველოს პრაქტიკული ჩართვის სამართლებრივი საფუძველი გახდება.