საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მოქმედი მაჟორიტარი ვასილ დავითაშვილი წარადგინა.
„ის თელავის გამგებელი იყო, დეპუტატადაც იყო არჩეული და ადამიანია, რომელსაც აქაურობა უყვარს, აქაურობა იცის და რაც მთავარია გააკეთებს საქმეს. ერთი რაღაც იცოდეთ, რომ ყველა კანდიდატს, რომელსაც ჩვენ ვასახელებთ, ვასახელებთ ერთადერთი ნიშნით, უნდა გააკეთოს ხალხის საქმე, არა იმიტომ, რომ ვიღაცის მეგობარია, ამ გუნდის წევრია, ან იმიტომ, რომ ერთი პარტია ვართ და ერთ ხედვაზე ვართ, არამედ იმიტომ, რომ ამ ყველაფრის გარდა ევალება და უნდა გააკეთოს საქმე. საქმე დღეს არის ის, რომ ყველა ოჯახში, ყველა სოფელში, ყველა ქუჩაზე, ქალაქში მიიტანოს ის კარგი, რაც ქვეყანაში ხდება და ხალხმა იგრძნოს მეტი უკეთესობა. ქვეყანაში ბერი კარგი რამ ხდება, მაგრამ ბევრი გაჭირვებაც არის და ეს განსაკუთრებით იგრძნობა თბილისს გარეთ რომ გამოხვალ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, მომავალი 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო დაზღვევაში 3 მილიარდ ლარს ჩადებს.
„10 წლის, როცა არავინ არ იყო დაზღვეული, დაზღვეულნი იყვნენ მხოლოდ პარლამენტის წევრები, მაგრამ ეხლა უკვე ასე აღარ იქნება. ვისაც საშუალება აქვს, თავის თავს თვითონ მიხედოს. პარლამენტის წევრების მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო აღარ დაფარავს", - აღნიშნა ბაქრაძემ.
კანდიდატის წარდგენას ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები, მასწავლებლები, უნივერსიტეტის და გამგეობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ვასილ დავითაშვილი დეპუტატი 2011 წლის 2 ოქტომბერს თელავში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა. მანამდე ის თელავის გამგებელი იყო. შუალედური არჩევნები თელავში დეპუტატ გია არსენიშვილის გარდაცვალების გამო ჩატარდა.