აჭარაში მოქმედი ტელეკომპანია "ტვ 25"-ის საკითხი ვალის რესტრუქტურიზაციით შეიძლება გადაწყდეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე მიიღეს. სხდომა დახურული ფორმატით გაიმართა და განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ "ტვ 25"-ის საკითხი იყო. აღნიშნული საკითხი სესიაზე ქრისტიან დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ წამოაყენა.
მისი განმარტებით, ტელეკომპანიას დავა აქვს საგადასახადოსთან, ვინაიდან 200-2004 წლებში ასლან აბაშიძის რეჟიმის გამო ტელეკომპანიის მფლობელი ტელევიზიას ვერ მართავდა. თარგამაძის თქმით კი, ამ წლებში დაგროვილი ვალის ჩამოწერა უნდა მოხდეს და კომპანიას მიეცეს ფუნქციონირების საშუალება.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ირაკლი ღვალაძის განმარტებით კი, რომელმაც ანტიკრიზისული საბჭოს შემდეგ კომენტარი ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა, პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის ვალის რესტრუქტურიზაცია.
"ეს არის საგადასახადო დავა. ვიმსჯელეთ და მხოლოდ იმის გაკეთება შეგვიძლია, რომ კომპანიამ მიმართოს სამინისტროს თხოვნით, რათა მოხდეს ვალის რესტრუქტურიზაცია", - აცხადებს ღვალაძე და განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში ვალი გაიწერება რამდენიმე წელზე და კომპანიას არც ვალის გადახდა გაუჭირდება და ფუნქციონირებასაც შეძლებს.
ამ პოზიციას იზიარებს ანტიკრიზისული საბჭოს თვამჯდომარე გია თორთლაძე, რომელმაც სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მთავრობის შეთავაზება მისთვის სრულიად მისაღებია და იმედოვნებს, რომ ტელეკომპანია ამ შანსს გამოიყენებს.